ოთხშაბათს, 10 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ჰაკერებმა ელექტრონული ფოსტების ანგარიშებზე ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს და დაახლოებით ხუთი მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპარეს. შეტევა Gmail-ზე განხორციელდა.
მოპარული 4,930,000 მომხმარებლის ინფორმაცია Bitcoin-ის ფორუმზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო ატვირთული.
ამავე კვირაში, კომერსანტის რუსული რედაქციის ცნობით, რუსეთის ყველაზე პოპულარული საიტიდან, Yandex.ru-დან მილიონი მომხმარებლის პაროლი დაიკარგა. ერთი საათის მანძილზე ნებისმიერ პირს შეეძლო ერთ-ერთი ფორუმიდან მილიონ ორასი ათასი მომხმარებლის მონაცემების გადმოწერა.
Yandex-ზე ჰაკერული შეტევა 7 სექტემბერს განხორციელდა, კომპანიამ შეტევის დეტალები დღეს გაასაჯაროვა. შეტევის დროს ელექტრონული ფოსტა ხარვეზებით მუშაობდა და ათასობით მომხმარებელს ვირუსების შემცველი წერილები მიუვიდა.
Yandex.ru-ს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოპარული ინფორმაციის 85% შესაძლებელია მომხმარებელთა შანტაჟირებისათვის იქნეს გამოყენებული, ამიტომაც მომხმარებლებს საკუთარი პაროლების შეცვლისკენ მოუწოდებენ.