ლიბერთი ბანკის საქმე

აბესაძე: ნარმანია თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს

droanews.ge

ნარმანიას განცხადება სრული აბსურდია - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის წევრებმა განაცხადეს.

ფრაქციის თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, ნარმანიას არანაირი დანაშაულებრივი სქემა არ გაუშიფრავს და თავს სასაცილო მდგომარეობაში აყენებს.

”არანაირი დანაშაულებრივი სქემა მას არ გაუშიფრავს, ეს არის საბანკო სექტორში ზოგადად არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე განხორციელებული ცვლილება. კარგი იქნებოდა, როგორც სხვა შემთხვევაში, მას უკეთესი მრჩევლები ჰყავდეს ან საბანკო სექტორისთვის მაინც ეკითხა ჭკუა და ამის შემდგომ გაეკეთებინა კომენტარი და თავი არ ჩაეყენებინა სასაცილო მდგომარეობაში”, - განაცხადა აბესაძემ.

საკრებულოს წევრის სევდია უგრეხელიძის განცხადებით კი, თბილისის მერს აბსურდულ ინფორმაციას აწვდიან და ის საბანკო სისტემას საერთოდ არ იცნობს.

”პროცენტების თვლა რომ მან არ იცის და გამრავლების ტაბულასთან რომ პრობლემები აქვს, ჩვენ ამაზე წინა ბრიფინგებზე ვისაუბრეთ. ის, რასაც მას აწვდიან, არის სრული აბსურდი, იგი აბსოლუტურად არ იცნობს საბანკო სისტემას და, აქედან გამომდინარე, მისი კომენტარები არის აბსურდული”, - განაცხადა უგრეხელიძემ.  

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის განცხადებით, თბილისის წინა მთავრობისა და ლიბერთი ბანკის გარიგებით დედაქალაქის ბიუჯეტმა 10 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა.

კომენტარები