საჯარო ფინანსები

დავით ალავიძე: ჩემი კორუფციაში დადანაშაულება ნარმანიას მხრიდან ცილისწამებაა

ლიბერთი ბანკის ფილიალი
Liberty Bank

თბილისის ყოფილი მერის მოადგილე დავით ალავიძე ლიბერთი ბანკთან დადებული კორუფციული გარიგების შესახებ დავით ნარმანიას ბრალდებას უარყოფს და დაუსაუბუთებელ ცილისწამებას უწოდებს. 

დავით ნარმანიას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა საკუთარი უპასუხისმგებლო და უვიცი განცხადებების გამო, - ნათქვამია ალავიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სს ლიბერთი ბანკს და თბილისის მერიას შორის 2010 წლის 26 აპრილს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს არიცხავდა სარგებელს წლიური 16.05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე. ხელშეკრულება გაფორმებული იყო 1 წლის ვადით, მისი ამავე ვადით შემდგომში გაგრძელების პირობით. შესაბამისად 2013 წლის 26 აპრილს ხელშეკრულებას ვადა გადიოდა და ახალი შეთანხმების გაფორმება ბანკთან აუცილებელი იყო, იმისათვის რომ მერია არ დარჩენილიყო საბანკო მომსახურების გარეშე, - წერს ალავიძე. 

ყოფილი მერის მოადგილე განმარტავს, რომ საბანკო სექტორში ხელშეკრულების განახლების პერიოდისათვის არსებული საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული და საქართველოში მოქმედმა სხვა კომერციულმა ბანკებმა თბილისის მერიას შეთავაზეს არაუმეტეს 8%-ის სარგებლის დარიცხვა. საბოლოო ჯამში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდგომ ისევ ლიბერთი ბანკთან მოხერხდა იმ დროს ბაზარზე არსებული საუკეთესო პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, რაც გულისხმობდა ანგარიშებზე არსებულ 40 მილიონ ლარზე კვლავ 16% სარგებლის დარიცხვას და ამის ზემოთ არსებულ ნაშთებზე - 4%-ის, - ამბობს ალავიძე. 

კომენტარები