ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: მედიაში მომუშავეები კონტროლს და კრიტიკას უნდა ექვემდებარებოდნენ

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი Palitra TV-სთან საუბარში კვლავ მედიას აკრიტიკებს. მისი თქმით, მედიაში ჩვეულებრივი ადამიანები მუშაობენ და ისინი კონტროლს და კრიტიკას უნდა ექვემდებარებოდნენ. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მედია ტაბუდადებული თემა არ არის და მას შეიძლება, სპეციალური გადაცემაც მიუძღვნას.

"ძალიან ხშირად მიმიღია საყვედური, რომ ვბედავდი და მედიას ვსაყვედურობდი, ახლაც თავშივე გავაკეთებ განცხადებას, რომ მედია ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. მედიაში მომუშავე ადამიანები არიან ჩვეულებრივი ადამიანები - საზოგადოების წევრები და ისინიც ასევე უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლსა და კრიტიკასაც, თუ გნებავთ. ეს ვერ იქნება ტაბუდადებული თემა. როგორც ჩემ დროს, როცა ვახერხებდი კრიტიკული აზრი გამომეთქვა, ისე დღეს, თუკი დღევანდელი მთავრობიდან ამას ვინმე მოახერხებს, მიდის საშინელი აჟიოტაჟი, რომ ხდება მედიაზე ძალადობა და ა.შ. რა თქმა უნდა, მე მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს ხელისუფლებისგან (რადგან ყველაზე მეტად საშიშია, თუ ხელისუფლება ერევა და ძალადობს მედიაზე), მაგრამ ის, რომ, პრაქტიკულად, ამ თემას ტაბუ დაადო - მედიას არ შეეხო და არ გააკრიტიკო, ეს ვერ მოხდება. მე ძალიან ხშირად შევეხები ამ თემას - ახლავე ვაფრთხილებ ჟურნალისტებს, შეიძლება, სპეციალური გადაცემა და საათებიც მივუძღვნა იმის ანალიზს, როგორია დღევანდელი მედია, ვინ არიან მეპატრონეები თუ ჟურნალისტები. მე ამას არ მოვერიდები. ეს განწყობა ახლავე მიიღონ და შეეგუონ ჟურნალისტები, რომ ისინი არ არიან რაღაც განსაკუთრებული ხალხი, არიან საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, მათაც შეიძლება, შეეშალოთ და მათზეც შეიძლება, გააკეთონ რეაქცია. იმ სურათს ნუ დახატავენ, რასაც სააკაშვილი აკეთებს, რომ არის პოლიტიკურად დევნილი", - აღნიშნავს ივანიშვილი.

ივანიშვილის თქმით, მედია კერძო ბიზნესია და ამიტომაც შეიძლება, ის მიკერძოებული იყოს. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მედიაში პროფესიონალიზმის გასაზრდელად, ყველაფერს გააკეთებს.

"ნებისმიერ მოქალაქეს, სადაც არ უნდა მსახურობდეს და რა პოზიციაც არ უნდა ეკავოს, უნდა ჰქონდეს კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება. თუ ამას ბედავენ და ამ დროს მედიის თავისუფლებას თავს ვერავინ ესხმის, ეს არის იდეალური - თუ ამას მთავრობის წევრი ბედავს და, ამავდროულად, არავითარი ნიშანი არაა, რომ მან შეიძლება, მედიაზე ზეწოლა მოახდინოს ან მოახდინა, იდეალურია. ე.ი. მას სუფთა ზურგი აქვს. ეს მის სიძლიერედ შეიძლება ჩავთვალოთ. ის იწვევს მედიას და უპასუხონ. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედიასაშუალებებს მთავრობის რომელიმე წევრის პასუხის უფლება არ აქვთ. როგორც ნებავთ, ისე გადადიან და გადმოდიან. 

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მედიაში პროფესიონალიზმი გაიზარდოს, ობიექტური გახდეს. მედია პირველ რიგში ბიზნესია. კერძოა. კერძოს შეიძლება ჰქონდეს მიკერძოებული დამოკიდებულება. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ მედია გახდეს უკეთესი. თუ მას დაედო ტაბუ და მასზე მსჯელობა აიკრძალა საზოგადოებაში, ვერ გავბედეთ, კრიტიკული შენიშვნები გამოვთქვათ, ეს იქნება ყველაზე დიდი უბედურების მომტანი. სწორედ ეს იყო, რასაც მიაღწია სააკაშვილმა - კრიტიკა არ სურდა ამ კაცს, მთელი მედიის მობილიზება მოახდინა და მივიღეთ შედეგი, კატასტროფისკენ მიყავდა ჩვენი ქვეყანა", - ამბობს ივანიშვილი.

კომენტარები