სამართალი

პოლიცია, რომელიც ფანჯრებს ამსხვრევს

ბოლო დროს ქვეყანა ერთგვარად პარადოქსულ ვითარებაში ცხოვრობს – ერთი მხრივ, დედაქალაქის ცენტრში იქნება თუ შორეულ სოფლებში, დღისით-მზისით მძარცველები ხალხს სახლებში უვარდებიან და აუთოებენ. ამის პარალელურად, უფორმო პოლიციელების არმადა მთელი ქალაქის მასშტაბით რეიდს ახორციელებს.

ცხადია, ჩნდება კითხვები, რამ გამოიწვია დანაშაულის ასეთი დრამატული მატება, ხომ არ არის პოლიციის მიერ გაზრდილ დანაშაულთან ბრძოლის ტაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ მასთან ბრძოლის იმიტაცია. ამასთან ერთად, ანტიკონსტიტუციური და კონტრპროდუქტიული.

რამ გამოიწვია კრიმინალის ზრდა? ყველაფერი, რა თქმა უნდა, 2 წლის წინ დაიწყო, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებები, მასშტაბური ამნისტიის შედეგად, პატიმართა ორმა მესამედმა დატოვა. ამნისტიასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მხრიდან, არაგონივრული განმარტებები გაკეთდა. ამნისტია არ შეფასდა, როგორც მსჯავრდებულების რესოციალიზაციის დაჩქარების და მათთვის კანონმორჩილი ცხოვრების დაწყებისთვის შანსის მიცემა. ამის ნაცვლად, საზოგადოებას კრიმინალის მოსალოდნელი ზრდა დაუანონსეს და ამ ყველაფერზე გაგებით მოკიდებაც სთხოვეს.

ახალი ხელისუფლების ეს მესიჯები, კრიმინალმა სწორადვე გაიგო და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანა. პოლიციის დემორალიზაციაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იუსტიციის სახლის წინ ახალი ხელისუფლების მიერ დადგმულმა „სისხლიანი 9 წლის" მონუმენტმა, რომელიც ბევრმა სამართალდამცველებზე კრიმინალის გამარჯვების სიმბოლოდ აღიქვა. მან საზოგადოებამდე მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიტანა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა დანაშაულთან შეურიგებლობის პოლიტიკის გაგრძელებას და იწყებოდა ახალი, „ჰუმანური" სისხლის
სამართლის პოლიტიკა. ასე დასრულდა დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა.

დამნაშავეებისადმი „ჰუმანურმა" პოლიტიკამ, მოქალაქეებისთვის არცთუ ისე ჰუმანური შედეგები მოიტანა – კრიმინოგენური ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. დანაშაულის ზრდაზე სახელისუფლებო რეაქცია ინსტინქტური და გაუაზრებელია – პირველი, რაც მათ გააკეთეს, პრობლემის უარყოფა და დანაშაულის სტატისტიკის გაყალბება იყო. ამას მოჰყვა გახმაურებული მძიმე დანაშაულებების მთელი კასკადი. პრობლემის მიჩუმათების ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო მეორე უკიდურესობაში გადაიჭრა და ტოტალური რეიდები დაიწყო.

კრიმინოლოგიური თეორია თუ სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ფონს სწორედ წვრილმანი დანაშაულისა და გადაცდომების მიმართ წაყრუების პოლიტიკა ქმნის.

პოლიციის პრევენციულ ფუნქციასთან დაკავშირებით, კრიმინოლოგიაში არსებობს ანალოგია, რომლის მიხედვითაც, შენობა, რომელსაც რამდენიმე ჩამსხვრეული ფანჯარა აქვს, სწრაფად გახდება ვანდალების სამიზნე – ისინი აუცილებლად ჩაამსხვრევენ ყველა დანარჩენ ფანჯარას, შეიჭრებიან შიგნით და დროთა განმავლობაში, იქაურობას თავიანთ სადგომად აქცევენ, თუ თავდაპირველად ჩამსხვრეული ფანჯრები დროულად არ შეკეთდა.

ამ თეორიას „ჩამსხვრეული ფანჯრის თეორია" ჰქვია და მისი ავტორები ამერიკელი სოციოლოგები, ჯეიმს ვილსონი და ჯორჯ კელინგი არიან, რომლებმაც 1982 წელს, The Atlantic-ში გამოქვეყნებული სტატიით, პირველად სცადეს სოციალური უწესრიგობის და დანაშაულის დონის ერთი კაუზალური ჯაჭვის რგოლებად წარმოჩენა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის მოვალეობა არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ თემის დაცვაა. იმდენად, რამდენადაც სნეულებასთან ბრძოლა მისი მკურნალობის ნაცვლად, პროფილაქტიკით უნდა დაიწყოს, პოლიცია ვალდებულია, თავისი საქმიანობა მხოლოდ შემოსულ ზარებზე რეაგირებით ან დანაშაულის პოსტფაქტუმ გამოძიებით არ შეზღუდოს და შეინარჩუნოს საზოგადოება ჩამსხვრეული ფანჯრების გარეშე.

საპოლიციო რეიდები ჩამსხვრეულ ფანჯრებს ვერ აღადგენს და ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკაზე უარის თქმით გამოწვეულ შედეგებს არათუ ვერ აღმოფხვრის, არამედ შესამჩნევად დაამძიმებს – ტოტალური საპოლიციო განუკითხაობის ზღვარზე მყოფი საზოგადოება, ბუნებრივია, სამართალდამცავი ინსტიტუტების მიმართ ნდობას და პატივისცემას დაკარგავს. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ისევ კრიმინოგენურ მდგომარეობაზე აისახება.

საქართველოში გავრცელებული საპოლიციო რეიდების პრაქტიკა, თავისი არსით, არაკონსტიტუციურია და არაპროპორციულად, ყოველგვარი ლეგიტიმური მიზნის გარეშე ზღუდავს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. დაუშვებელია, ადამიანების ქუჩაში გაჩერება და შემოწმება ხდებოდეს იმ დასაბუთებული ვარაუდის გარეშე, რომ პირმა ჩაიდინა ან შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული.

რეიდებზე საუბრის დროს, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ ღონისძიებას თითქმის არაფერი აქვს საერთო სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებასთან. ამ უკანასკნელის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ჩვეულებრივ, ეს პრევენციული ღონისძიებები ლოკალური, ხანმოკლე და არამრავალჯერადია. ამ დროს, პოლიცია, წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და განსაზღვრული დროით, ამოწმებს პირებს, ნივთებს ან სატრანსპორტო საშუალებებს.

შემოწმება, ამ შემთხვევაში, გულისხმობს პირის ზედაპირულ შემოწმებას, მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას, ან პირის კუთვნილი ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების და მისი საბარგულის ვიზუალურ დათვალიერებას.

როგორ შესანიშნავ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს კრიმინალი, სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიების გამოყენებას იმ მასშტაბებით, რა მასშტაბებიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, 1 წლის განმავლობაში უკვე მეორედ, ვიხილეთ, მხოლოდ და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის სახე აქვს, იმიტომ რომ მსგავსი მასშტაბებით ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, როგორც წესი, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის პირობებშია შესაძლებელი.

ამას ემატება ისიც, რომ მოქალაქეების ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეჩერება და შემოწმება, კანონის იმ მინიმალური მოთხოვნების დარღვევითაც ხდება, რა მოთხოვნებსაც პოლიციის შესახებ კანონი აწესებს. კერძოდ, სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას, პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით. ეს, ხშირ შემთხვევაში, არათუ არ ხდება, არამედ გადაღებას უკრძალავენ და აკავებენ ადგილზე მყოფ სამოქალაქო ჟურნალისტებსაც. ამას გარდა, რეიდის ფარგლებში განხორციელებული ყოველი ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების დროს, პოლიციელი ვალდებულია, შეადგინოს სპეციალური ოქმი და გააცნოს ის ღონისძიების ადრესატს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ასევე, არ ხდება.

დანაშაულის პრევენცია პოლიციის უმნიშვნელოვანესი ვალდებულებაა. აუცილებელია, ნებისმიერი პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, მიღებული ზომები იყოს პროპორციული – საზოგადოებრივი საჭიროებებისა და ინდივიდის უფლებებს შორის არსებული ბალანსის დამცველი; კანონიერი – შესაბამისი საკანონმდებლო ნორმებით სანქცირებული; გამჭვირვალე – სპეციალური ვიდეოსაშუალებებით ჩაწერილი; აუცილებელი – დემოკრატიული საზოგადოებისთვის საჭირო შეზღუდვა და საუკეთესო – გონივრულობის ფარგლებში არსებული საუკეთესო ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება.

სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულის პრევენციისთვის, საპოლიციო არსენალს ღონისძიებების ისეთი საშუალებები შეემატა, რომლებიც დღეს ამერიკული „ტერის შეჩერების" და ბრიტანული „შეაჩერე და შეამოწმეს" სახელებით არის ცნობილი. ორივე შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი და შეამოწმოს ისინი ზედაპირულად, იარაღის ფლობის გამოსარიცხად, თუ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ პირი რაიმე სახის კრიმინალურ აქტივობაშია გარეული.

ამერიკული პრაქტიკა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს 1968 წლის გადაწყვეტილებით, საქმეში ტერი ოჰაიოს წინააღმდეგ, დაიწყო, როდესაც სასამართლომ განმარტა, რომ კონსტიტუციის მეოთხე შესწორებით გათვალისწინებული აკრძალვა, არაგონივრულ ჩხრეკასა და შეპყრობაზე, არ ირღვევა, როდესაც პოლიციელი პირს ქუჩაში აჩერებს და ამოწმებს, თუ მას გააჩნია გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენაზე ან თუ გააჩნია გონივრული რწმენა, რომ პირი, მოცემულ მომენტში, შეიარაღებული და სახიფათოა. ამ დროს, პოლიციის მხრიდან მტკიცების სტანდარტად დასაბუთებული ვარაუდის ნაცვლად, რომელიც უფრო მაღალ სტანდარტად ითვლება, გონივრული ეჭვი გამოიყენება, რადგან არ ხდება პირის დაკავება. გონივრული ეჭვი კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა წარმოადგენდეს სიტუაციის მხოლოდ და მხოლოდ პოლიციელის სუბიექტურ პერცეფციებს.

ამერიკული და ბრიტანული მოდელის მსგავსად, პირის შეჩერებასა და ზედაპირულ შემოწმებას ქართული კანონმდებლობაც ითვალისწინებს, თუმცა, პოლიციის შესახებ კანონის 2013 წლის რედაქცია, მსგავსი ქმედების განხორციელებისთვის, გონივრული ეჭვის ნაცვლად, მტკიცებულების სტანდარტად ვარაუდისათვის საკმარის საფუძველს აწესებს.

ეს სტანდარტი, როგორც პოლიციის მხრიდან მტკიცების სამართლებრივი ტვირთი, იმდენად ბუნდოვანი და განუმარტავია, რომ ფაქტობრივად სპობს პოლიციურ განუკითხაობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და არ იძლევა საშუალებას, სასამართლომ შეამოწმოს, რა მტკიცებულებები გააჩნდა პოლიციას პირის წინააღმდეგ ჩატარებული მოქმედებების დროს.

მდგომარეობიდან გამოსავალი, ერთი მხრივ, საკანონმდებლო ბაზის გამართვა და, მეორე მხრივ, ქართველ მოსამართლეებში იმ ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა, რომლის გამოც, ბუნდოვანი საკანონმდებლო ნორმების არსებობის შემთხვევაში, ისინი საკუთარი სამოსამართლეო დისკრეციის გამოყენებისგან თავს იკავებენ. საკანონმდებლო ცვლილებების სახელისუფლებო სურვილის არარსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს საშუალება გვაქვს, პოლიციის შესახებ კანონის ანტიკონსტიტუციური ნორმები, საკონსტიტუციო სასამართლოში, კონსტიტუციით გარანტირებულ სხვადასხვა უფლებებთან და თავისუფლებებთან წინააღმდეგობის საფუძვლით გავასაჩივროთ.

სწორედ პირის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლებამოსილებით ამართლებს პოლიცია რეიდებს, თუმცა, ამ საპოლიციო ღონისძიებას, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი საერთოდ არ ითვალისწინებს.

ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ბოლო დროს, იყო მცდელობა, მასობრივი რეიდების მოწყობა სპეციალური საპოლიციო კონტროლის ღონისძიებად დაეკვალიფიცირებინათ, რომელიც, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხორციელდება მაშინ, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

რა თქმა უნდა, პოლიციის მხრიდან მტკიცების სტანდარტი, ამ შემთხვევაშიც, ბუნდოვანი, ვარაუდისათვის საკმარისი საფუძველია, რაც საშუალებას იძლევა, მოქალაქეების შეჩერება და შემოწმება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდეს და პოლიციის მიერ დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა მოქმედებებმა, უბრალოდ განუკითხაობის ფორმა მიიღოს – რასაც, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკვე შევესწარით.

კრიმინალთან ბრძოლის საქმეში მსგავსი ღონისძიებების არაეფექტურობაში, ალბათ, წარსულის გამოცდილების გარდა, საღმა აზრმაც უნდა დაგვარწმუნოს და იმედია, ეს მოხდება მანამ, სანამ მივიღებთ სამართალდამცავ ინსტიტუტებს საზოგადოებრივი ნდობის გარეშე და პოლიციას, რომელიც ფანჯრებს თვითონვე ამსხვრევს.

კომენტარები