ტურიზმი

სიგუა: ეკლესიამ კაზანტიპზე სნოსთვის ექსკლუზივის უფლება უსასყიდლოდ მოითხოვა

სნოს დღე ზოოპარკში
facebook.com/waterSNO

ეკლესიას სურდა რომ სნო ყოფილიყო წყლის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ფესტივალის მიმდინარეობისას - ამბობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ბიზნესკურიერთან საუბრისას. 

სიგუას განმარტებით, წყლის ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლება ფესტივალის მიმდინარეობისას ძვირადღირებული ლოტია, რასაც საპატრიარქო უფასოდ ითხოვდა. მისივე თქმით შეთანხმება ნიკიტა მარშუნოკსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის შედგა, თუმცა მას შემდეგ სასულიერო პირებსა და ფესტივალის ორგანიზატორებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და სნომ საბოლოოდ ეს ლოტი ვერ მიიღო. 

სიგუამ ასევე ისაუბრა სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე, როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ გაასაჯაროვებდნენ მისი ერთერთი მოადგილის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მათივე თქმით არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის იყო. 

ეკლესიის მხრიდან მოდიოდა პირდაპირი აგრესია - ამბობს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. 

მე და მინისტრი კვირიკაშვილი დაგვიბარეს საპატრიარქოში მაღალი რანგის სასულიერო პირებთან შეხვედრაზე და გვითხრეს რომ ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის სოდომი და გომორი და სწორედ ამ ფესტივალის გამო დაკარგა უკრაინამ ყირიმი - იხსენებს სიგუა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა რომ მასზე პირადად საპატრიარქოს მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას გავლენა არ ჰქონია, ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს არ სურდა დაპირისპირებოდა სასულიერო პირებს და მიდიოდა საუბარი ფესტივალის ჩაშლასა და სახელმწიფოს საკუთარი რესურსებით ალტერნატიული ფესტივალის ჩატარებაზე. 

სიგუა განმარტავს, რომ მარშუნოკის ინვესტიცია ფესტივალისთვის მოსამზადებლად 4.5 მილიონი დოლარი იყო, რომელშიც შედიოდა განმუხურის ტერიტორიაზე სათანადო ინფრასატრუქტურის მოწყობის ხარჯებიც, მათ შორის ელექტროგადამცემი კაბელი და ტრანსოფრმატორი. ალტერნატიული ფესტივალის ჩატარების შემთხვევაში ჩვენ უნდა დაგვეხარჯა 8 მილიონი ლარი და გავმხდარიყავით დასაცინი - განმარტავს სიგუა. 

ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კაზანტიპის ორგანიზატორებთან დადებული შეთანხმების თანახმად უნდა შეესრულებინა გარკვეული პირობები, მათ შორის იყო უსაფრთხოების დაცვა, ფესტივალის პოპულარიზაცია და საქართველოს სარეკლამო პლატფორმების გამოყენება კაზანტიპის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად, მიწის გადაცემა 10 წლიანი იჯარით და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. 

დადებული პირობებიდან მხოლოდ ერთი შესრულდა ძალიან კარგად და ეს უსაფრთხოების დაცვა იყო, პოლიცია ძალიან კარგად მუშაობდა - ამბობს სიგუა - რაც შეეხება დანარჩენს, იჯარის გადაცემა მოხდა მხოლოდ 10 დღით. ტერიტორია გადასცეს აკვაპარკს, შემდეგ აკვაპარკი გადასცეს რომელიღაცს შპს-ს და ეს შპს გადასცეს სამეგრელოს, რათა ამ გზით ეკონომიკის სამინისტროს მარშუნოკთან ხელშეკრულების გაფორმება თავიდან აეცილებინა. არ მოხდა განმუხურის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის შესაბამისად უზრუნველყოფა და ყველაფრის ხარჯის დაფარვა მარშუნოკს მოუწია - განმარტა გიორგი სიგუამ რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები