მკვლელობა აბაშიძის ქუჩაზე

გიორგი ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოქროპირიძე ქართველ სამართალდამცველებს ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერგნეთში 12 სექტემბერს გადმოსცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრალდებულმა პროცესზე განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ეს მკვლელობა არ ჩაუდენია.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. "საზღვრის უკანონო" გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები