განათლება

უცხო ქვეყნის მოქალაქეები სასკოლო ვაუჩერის მისაღებად თანხას აღარ გადაიხდიან

iStockphoto

ზოგადი განათლების მისაღებად დასაფინანსებელ სასკოლო ვაუჩერს უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც უსასყიდლოდ მიიღებენ - ეს გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ 12 სექტემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარის პასუხად. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განმარტავს, რომ სარჩელი შეტანილი იყო ახალქალაქში მაცხოვრებელი 6 უცხოელი მოსწავლის (რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები) სახელით, რომელთაც ზოგადი განათლების მისაღებად უცხოელებისათვის სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა და უწევდათ სასკოლო ვაუჩერის მისაღებად განსაზღვრული ოდენობის თანხის გადახდა. 

ასოციაციის აზრით, გადასახადის დაკისრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რომლითაც გარანტირებულია კანონის წინაშე თანასწორობა. ვინაიდან სასკოლო ვაუჩერს საქართველოს მოქალაქეები უსასყიდლოდ იღებდნენ, ხოლო უცხოელები ამისთვის საფასურს იხდიდნენ, ამით სხვა ქვეყნის მოქალაქეები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებული - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულია 400-მდე მოსწავლე, რომელთაც ზოგადი განათლებისათვის საფასურის გადახდა უწევდათ. 

კომენტარები