ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: მკვლელობები იქამდე მოხდება, სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება

ბიძინა ივანიშვილი
Reuters

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, კრიმინალის ზრდაზე საუბრის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ "კრიმინალის ზრდის თემის აჟიტირება" ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმა და რუსთავი 2-მა "ასწია". 

"კი მაგრამ, სად გვაქვს საფუძველი, რომ კრიმინალის ზრდაზე ვისაუბროთ?! მოხდა მკვლელობები, ეს კატასტროფაა და ცუდია, თუმცა, ასეთი შემთხვევები მომავალშიც მოხდება (სანამ ადამიანის ხასიათი არ შეიცვლება). მკვლელობები ამერიკაშიც ხდება, საფრანგეთშიც, გერმანიაში და სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ შეგვიძლია დავსვათ კითხვა: პოლიცია დღეს უფრო სუსტია, ვიდრე ადრე? სამართალდამცველების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა დაუჯერებელია? მდგომარეობა გაუარესდა და საქართველო კატასტროფისკენ მიექანება? არავითარი საფუძველი არ არსებობს დღეს, რომ, მაგალითად, თქვენ არ ენდოთ შსს-ს სტატისტიკას. გასაგებია, რომ ივლისი დანაშაულის კუთხით ცუდი იყო, მაგრამ წინა წლებთან შედარებით მაინც კლებაა დაფიქსირებული. ზუსტად "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა ეს (თემის აჟიტირება), "ასწია" "რუსთავი 2"-მა და სხვა ტელევიზიებიც ამ ფერხულში არიან ჩაბმული. არადა, მთავრობის დამოკიდებულება არ შეცვლილა - შს სამინისტრო და პოლიცია ზრუნავენ ადამიანების დაცვაზე, თითქმის ყველა მკვლელობის საქმე გახსნილია", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ "სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს".

ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ კრიმინალის თემაზე ენმ-ის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მესამე ღია წერილით მიმართავს.

"პირველი ორი მე "საუბედუროდ" არ მინახავს. წერილში წერს, რომ თავის დროზე, პოლიტპატიმრები რომ გამოუშვეს ციხიდან, თურმე ჯერ მაშინ მიკითხავდა ლექციებს, რომ ეს არ შეიძლება. საუბრობს ციხიდან გამოსულ 17 ათას პატიმარზე. მათ ამით იმის გამართლება უნდათ, რომ 17 000 კაცი უკანონოდ ჰყავდათ დაპატიმრებული", - უთხრა ივანიშვილმა კვირის პალიტრას.

კომენტარები