ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: უნიკალურია, რომ ქალაქის ცენტრიდან შეგიძლია, ველურ ბუნებაში გახვიდე

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში პროექტ თბილისი-პანორამაზე საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი უნიკალურია. ყოფილი პრემიერი ასევე თვლის, რომ "ნაციონალებს უნდათ ნგრევა, სურთ, ცეცხლში ნახონ მთელი ქვეყანა".

"თბილისი-პანორამის არსი ის არის, რომ ერთი სასტუმრო აშენდება ძველი ცეკავშირის შენობის ადგილას. ალბათ, ვიცით ყველამ, რა მდგომარეობაში იყო მისი კარკასი, რომელიც ქალაქს ამახინჯებდა. კიდევ ერთი სასტუმრო აშენდება, პირობითად, ძველი თბილისის ცენტრში (ერეკლე მეორის მოედანზე). კაზინო შანგრილას თავზე. ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია კიდევ ერთი სასტუმროს აშენება სოლოლაკის ბაღებში. ამ პროექტის უნიკალურობა ის არის, რომ ქალაქის ცენტრი, ძველი თბილისი და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია ერთმანეთს უკავშირდება საბაგირო გზით. მართლაც უნიკალურია, რომ ქალაქის ცენტრიდან შეგიძლია, პირდაპირ ველურ ბუნებაში გახვიდე და არ გამოიყენო სხვა ტრანსპორტი, გარდა საბაგირო გზისა. ეს ერთ-ერთი უნიკალური პროექტია, თუ ერთადერთი არა. მსოფლიოს არცერთ ქალაქს მსგავსი რამ არ აქვს. ეს საოცრად აძვირებს პროექტს. რა თქმა უნდა, რენტაბელობის მხრივ ბევრი კითხვაა და მე ძალიან დიდ რისკზე მივდივარ. პროექტი თანაინვესტირების ფონდისაა და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია. პირველი რისკები მე ავიღე ჩემს თავზე და თუ პროექტი გაამართლებს და რენტაბელური გახდება, ნებისმიერს ექნება საშუალება, თვითღირებულებით ეს ყველაფერი შეიძინოს. ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ ექსკლუზიური პროექტი შეიქმნას, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და თბილისი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდეს. რუსთავი 2 და ნაცმოძრაობა კი ისეთ სურათს ხატავენ, თითქოს ივანიშვილი საბოლოოდ ანადგურებს თბილისს. ამას აჰყვნენ ვითომ დამოუკიდებელი და ობიექტური ჟურნალისტები, არადა, რეალობა სხვაა - ვხარჯავ ფულს, რომ თბილისში უნიკალური პროექტი განხორციელდეს. მთელ საზოგადოებაში დანერგეს აზრი - მოდის ივანიშვილი და ქალაქს ანგრევსო. ნაციონალებს უნდათ ნგრევა. სურთ, ცეცხლში ნახონ მთელი ქვეყანა, მაგრამ მე ვერ გამაჩერებენ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები