დედაქალაქის საკრებულო

ქალაქის ბიუჯეტს უმცირესობა მხარს დაუჭერს, თუ მათ მოთხოვნებს მიიღებენ

primetimenews.ge

თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები მზად არიან, თბილისის სეკვესტრირებულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირონ. დღეს გამართულ ბრიფინგზე უმცირესობის წევრებმა ის მოთხოვნები წარმოადგინეს, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კენჭისყრის დროს ცვლილებებს მხარს დაუჭერენ. ირაკლი ნადირაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტით მგზავრობა პენსიონერებისთვის, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველებისთვის უფასო უნდა გახდეს, ასევე გაიზარდოს კომუნალური ვაუჩერების ოდენობაც. სევდია უგრეხელიძემ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეჩერდება.

"ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეს ბიუჯეტი არ ითვალისწინებს მათ მიერ წინაასარჩევნოდ უხვად გაცემული დაპირებებიდან არცერთი ახალი იდეის, შეთავაზების დაფინანსებას და პირიქით, უკვე არსებული დოკუმენტის გაუარესებული ვარიანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ქართულ ოცნებას, თბილისის მერს დავით ნარმანიას, რომ ნაცვლად უარგუმენტოდ შემცირებული შემოსავლებისა, კონცერტებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების გაზრდილი ბიუჯეტისა, ნათესავების დასასაქმებლად შექმნილი სამსახურებისა, ბიუჯეტში გაითვალისწინონ თუნდაც შემდეგი მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამები:

1. მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას არსებული შეღავათების სისტემის კიდევ განვრცობა: წელსვე თუნდაც მხოლოდ პენსიონერებისათვის და 70 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასოდ მგზავრობის შეთავაზება, რაც 2013 წლის მგზავრობის რაოდენობის გათვალისწინებით, ბიუჯეტს დარჩენილი 4 თვის (სექტემბერი - დეკემბერი) განმავლობაში დამატებით დაახლოებით მხოლოდ 1 500 000 ლარი დაუჯდებოდა;

2. მზის ენერგიისა და გაზმომარაგების ახალი სისტემის გამოყენებით იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფისათვის ამ პროექტის ჩართვა თუნდაც თანადაფინანსების პროგრამებში;

3. წარჩინებული სტუდენტებისათვის ფასიანი სტაჟირების პროგრამის, სახლში უფასო ინტერნეტის, სტიპენდიის შეთავაზება; სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, რაც დარჩენილ 4 თვეში ბიუჯეტიდან დამატებით დაახლოებით 1 800 000 ლარის გამოყოფას საჭიროებს.

4. ე.წ. მეცამეტე ხელფასი მერიის დაქვემდებარებული დაწესებულებებისა და საწარმოების თანამშრომლებისთვის (სატრანსპორტო კომპანია, საბავშვო ბაღები, დასუფთავების კომპანია, სინათლის ქალაქი და ა.შ). ამავე უწყებების თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა, ისევე როგორც ეს განახორციელეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაკებისთვის", - განაცხადა საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ.

ენმ-ის თქმით, ქართული ოცნება დაამტკიცებს 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ ბიუჯეტს, რომელიც, მათივე თქმით, ასახავს თბილისის ახალი მთავრობის უუნარობას გაუმკლავდეს ქალაქში არსებულ პრობლემებს, არ შეიცავს არცერთ ახალ პროექტსა თუ პროგრამას და, უფრო მეტიც, აუქმებს უკვე დამტკიცებულ ბევრ მნიშვნელოვან ინფრაქტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს.

ნაციონალურმა მოძრაობამ იმ სოციალური პროგრამების ჩამონათვალი წარმოადგინა, რაც ამ ბიუჯეტის მიხედვით ქალაქში ვეღარ გახორციელდება.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებას გამოეხმაურნენ საკრებულოს უმრავლესობაშიც. ჯაბა სამუშიას განცხადებით, იმ შეჩერებულ პროექტებს, რომლებზეც საკრებულოს უმცირესობა საუბრობს, პრობლემები მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეექმნათ. ბიუჯეტის შესახებ განცხადება გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც. მისი თქმით, ეს არის ყველაზე ცუდი ბიუჯეტი და მერია იძულებულია ქამრები შემოიჭიროს. 

"მათ დაგვახვედრეს ბოლომდე გახარჯული ბიუჯეტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში. ჩვენ იძულებულები ვართ, ქამრები შემოვიჭიროთ, ადმინისტრაციული რესურსები დავზოგეთ, ტენდერებში არსებული ეკონომია გამოვიყენეთ სხვადასხვა აუცილებელი პროექტების გასახორციელებლად, რომლებიც წლის ბოლომდე მნიშვნელოვანია დასრულდეს. წლის ბოლომდე გვჭირდებოდა ფინანსური სახსრები ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამები, ამიტომაც სხვა მუხლებში არსებული თანხები აქეთ გადმოვიტანეთ. მათ არ ჰქონდათ გათვალისწინებული თანხები ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. წყალკანალიზაციის და დიღომში ოლიმპიური ტერიტორიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გავწერეთ. ამ ყველაფრის გამო, გვიწევს გარედან რესურსების მოზიდვა, რათა მოვასწროთ ოლიმპიადის ჩატარება", - განაცხადა ნარმანიამ.

 

კომენტარები