ბარბარე რაფალიანცის საქმე

ენმ: ადვოკატის განცხადებამ გაამყარა ეჭვი, რომ რაფალიანცის მკვლელობა დაიგეგმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ღვინიაშვილი საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, ერთად მოითხოვონ ხელისუფლებისგან 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება. მისი თქმით, "ქართული ოცნების ადვოკატის ლალი ბიწოშვილის მიერ დღეს გაკეთებულმა განცხადებამ კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვი, რომ რაფალიანცის მკვლელობის ფაქტი დაგეგმილი იყო და ეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა".

"ფაქტი დღემდე არ არის გამოძიებული. დღეს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც არის ქართული ოცნების ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი, ქართული ოცნების ადვოკატი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი დაკავშირებულია ქართულ ოცნებასთან. ის პირდაპირ ასახელებს ადამიანებს, რომლებსაც მონაწილეობა მიუძღვით ამ საქმეში. მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, არასამთავრობოებს, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებს, რომ ერთად მოვთხოვოთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს საზარელი ფაქტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეგიტიმური იქნება ის ეჭვი, რომელიც არსებობს, რომ ეს დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა ღვინიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა გაავრცელა 2014 წლის 6 თებერვალს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ქართული ოცნების ყოფილი ადვოკატი ლალი ბიწოშვილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილზე პასუხისმგებლობას  ქართულ ოცნებასა და კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს აკისრებს. ბერიკაშვილი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი იყო გურჯაანის რაიონში. ბიწოშვილი ამბობს, რომ მას კოალიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ჩართულიყო რაფალიანცის საქმეში  და დაერწმუნებინა ოჯახის წევრები, არაფერი არ ეთქვათ მასთან შეთანხმების გარეშე. 

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

კომენტარები