საქართველოს იუსტიციის მინისტრი

წულუკიანს სწყინს, რომ მარგველაშვილმა თავისი კონსტიტუციური როლი ვერ მოირგო

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში პრეზიდენტის ინსტიტუტის "კომფორტულ როლზე" ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, მარგველაშვილმა ვერ მოირგო. წულუკიანის განცხადებით, პრეზიდენტზე წერია კონსტიტუციაში ის, რაც არავისზე წერია - "გამაერთიანებელი".

"ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი არა მხოლოდ ტერიტორიები, არამედ დასაბრუნებელი გვყავს ხალხი - ახალი თაობა, ოსების თუ აფხაზების, რომლებიც გაუცხოების რეჟიმში არიან და მათ დაბრუნებაზე მთავრობასთან ერთად პრეზიდენტმა უნდა იმუშაოს. პრეზიდენტი არის ქვეყნის ერთიანობის გარანტი და მისი ვალია, - მთავრობა ამას ვერ იზამს, ვერ გააკეთებს, ვერ გაწვდება, - გააკეთოს ის, რასაც სხვა მის ადგილზე ვერ შეძლებს – გააბას ხიდები, იფიქროს მთავრობასთან ერთად როგორ დავიბრუნოთ ეს ხალხი.

პრეზიდენტის როლია უზრუნველყოს სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირება, ეს გულისხმობს იმას, რომ მან ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ მექანიზმებმა ერთმანეთთან კარგად იმუშაოს, გამაადვილებელი, ხელშემწყობი როლი ითამაშოს და არა, ვთქვათ, ჯინში მდგარი, განაწყენებული ადამიანის. პირადი წყენა და საქმე უნდა განვასხვაოთ, სახელმწიფო და პირადი უნდა გავმიჯნოთ და ვიმუშაოთ მხოლოდ ქვეყნისთვის, მისი წინსვლისთვის" - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი რადიკალური ჯგუფების შემრიგებელი უნდა იყოს.

"მაგალითად, როდესაც ვიღაცა გაბედავს და ღორის თავს ჩამოკიდებს მედრესეზე, მე ვფიქრობ, პრეზიდენტმა უნდა ითამაშოს გამაერთიანებლის როლი, ის უნდა იყოს შემრიგებელი, რადიკალური ჯგუფების ერთად დამსმელი, ვინაიდან მთავრობა ამ შემთხვევაში არის ის, ვინც უნდა მოიქცეს დამსჯელივით - მოიკვლიოს ვინ გააკეთა ეს და დასაჯაოს. მე ისიც ვიცი, რა არ უნდა აკეთოს პრეზიდენტმა, მაგალითად, როცა მასთან მიდის მთავრობის რომელიმე წევრი უცხოელ სტუმართან ერთად, უცხოელი სტუმრის თანდასწრებით მთავრობის წევრი ღიად არ უნდა დაამციროს" - განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები