გენდერული თანასწორობა

კობახიძე NGO-ებს: ქალ პოლიტიკოსებზე გაცხადებულ ბინძურ კამპანიას ვაპროტესტებ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, "შუბლის გახვრეტის" თაობაზე მის მიერ გამოყენებული ფრაზის პირდაპირი მნიშვნელობით აღქმა და გაგება, არასწორია. როგორც კობახიძემ ინტერპრესნიუსს უთხრა, მან პროტესტი იმ სიძულვილის ენის მიმართ გამოხატა, რაც ძალიან უხვად არის საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში და არ აქვს კორექტულობის ფარგლები. მისი თქმით, მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რატომ შეურაცხყოფენ პოლიტიკოს ქალს გენდერული ნიშნით. 

"ამ შემთხვევაში საუბარი არ არის განსხვავებულ აზრის, განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ქონაზე, ან რომელიმე პარტიის კრიტიკაზე. საუბარია პირდაპირ ამორალურ, ძალიან უზნეო და შეურაცმყოფელ გამონათქვამებზე. სწორედ იმ ბინძური კამპანიის მიმართ მქონდა პროტესტი, რომელიც ქალი პოლიტიკოსების მიმართ არის გაცხადებული. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აღნიშნული პრობლემა უნდა აიტერესებდეთ. მათ უნდა აინტერესებდეთ, საიდან წამოვიდა ჩემი სტატუსი და არ უნდა იყოს ცალმხრივი მიდგომა", - აცხადებს მანანა კობახიძე, რომელიც მზად არის შეხვდეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.  

ცნობისთვის, არასამთავრობოებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერი პოლიტიკური და კულტურული მიუღებლობის საფუძველზე, ძალადობის წახალისებასა და გენდერული სტერეოტიპების გამყარებაში დაადანაშაულეს.

"პოლიტიკოსს და საჯარო პირს, სხვა მოქალაქეებისგან განსხვავებით, აქვს საჯარო კრიტიკის, მათ შორის, უსაფუძვლო თავდასხმის მიმართ თმენის ვადლებულება და ეს გამოხატვის თავისუფლებით დაცული სამართლებრივი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ იმგვარ ინფორმაციას ან იდეას, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან, ან ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელია, შოკისმომგვრელი და ამაღელვებელი. ამასთან, მანანა კობახიძის განცხადება აჩენს შესაძლებლობას ის წავიკითხოთ, როგორც მუქარა პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული კულტურული ფასეულობების მქონე ადამიანების მიმართ, ვისაც შეურაცხმყოფელი კომენტარი გაუკეთებია პირადად მისი ან მისი თანამოაზრეების შესახებ.  

სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის „შუბლის გახვრეტით“ შურისძიების გამართლება განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ ძალადობისა და კრიმინალის წახალისების მცდელობას წარმოადგენს. განცხადება ამყარებს არსებულ სექსისტურ სტერეოტიპს, რომ აგრესიული და ძალადობრივი ქცევა ღირსებისა და „კაცურობის“გამოვლინება და კულტურულად დასაშვები ქცევაა. მსგავსი შეფასებები განსაკუთრებით საშიშია ისეთ პატრიარქალურ საზოგადოებაში, სადაც ხშირია ე.წ. „ღირსების დანაშაულები“. 
 
გარდა ამისა, მანანა კობახიძის განცხადება, ქალს წარმოაჩენს, როგორც არასრულფასოვან არსებას. რომელსაც თავად არ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა და დამოკიდებულია მისი ოჯახის წევრი კაცების ქცევაზე. ეს მიდგომა განსაკუთრებით შემაშფოთებელია გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის მხრიდან და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ გაცხადებული გენდერული პოლიტიკის გახორციელებას, რომელიც უპირველეს ყოვლისა ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სექსისტური, პატრიარქალური და ძალადობრივი ღირებულებების და ქცევის წესების ცვლილებაზე უნდა იყოს მიმართული.
 
 ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საზოგადოება ინტერესს და საფუძვლიან შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში მომხდარი მკვლელობებისა და სხვა სასტიკი დანაშაულების მიმართ და ხელისუფლებას კანონიერი და ეფექტური ღონისძიებების მიღებას სთხოვს, სრულიად მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხრიდან კრინიმალური მდგომარეობის გაუარესების საკითხზე არასერიოზული მსჯელობა, რაც არსებული პრობლემის არაღიარებას და მისი მნიშვნელობის გაუფასურების მცდელობას წარმოადგენს. 
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და გენდერული თანსწორობის საბჭოს გაემიჯნონ ვიცე-სპიკერის განცხადებას" - ნათქვამია 12 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში. 
 
12 სექტემბერს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ, რომელიც ამავე დროს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, facebook-ზე გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხმიანება სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.
 
"როცა სრულიად უცნობი ადამიანები უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებიან, ყოვლად უზნეო და ამორალურ პოსტებს დაგიდებენ ეს ვითომ კაცები, სინამდვილეში არაკაცები, ბილწსიტყვაობენ და თანაც ქალის მიმართ, აი მერე მეუღლემ ან ძმამ ან შვილმა მართლა შუბლი რომ გაუხვრიტოს, მერე არ გვითხრას ვინმემ კრიმინოგენული ვითარება დამძიმდაო, შეურაცხყოფის და ლანძღვის თმენის ვალდებულება ნამდვილად არ აქვთ ადამიანებს ისე, პოლიტიკოსიც ადამიანია!“ - დაწერა კობახიძემ Facebook-ში.

კომენტარები