გაერო-ში ვიზიტი

ფხალაძე: 25 თებერვლით დათარიღებული წერილი მარგველაშვილის სახელზე მოვიდა

"25 თებერვლით დათარიღებული წერილი გაერო-ს გენერალური მდივნის ხელმოწერით გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა - მიხეილ სააკაშვილის სახელზე", - ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომელმაც მედიას აღნიშნული წერილიც წარუდგინა. მისივე თქმით, თუ ახალი პრეზიდენტის არჩევიდან რამდენიმე თვის შემდეგაც აქამდე არ იცოდნენ, რომ მარგველაშვილია ქვეყნის პირველი პირი, იმას ადასტურებს, რომ უფრო უნდა გაიზარდოს პრეზიდენტის ჩართულობა საგარეო ვიზიტებში.

"იმ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, რაც შეიქმნა პრეზიდენტის გაერო-ში ჩაშლილ ვიზიტთან დაკავშირებით, მინდა, რამდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ. პირველ რიგში, საქართველოს მართლაც აქვს ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი დიპლომატიური ტრადიციები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტრადიციების შენარჩუნება და გაღრმავება. ყველაზე რთულ ვითარებაშიც  კი, ქართული დიპლომატია ყოველთვის ახერხებდა პარტნიორებისათვის საჭირო ინფორმაციიის მიწოდებას და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ასპარეზზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ის ინფორმაცია, რომელიც დღეს მივიღეთ – როგორ შეიძლება, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ფორუმზე, გაერო-ში საპრეზიდენტო არჩევნებიდან 4 თვის გასვლის შემდეგ ანუ თებერვალში არ იყოს ინფორმაცია მიწოდებული იმის შესახებ, რომ შეიცვალა პრეზიდენტი და მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი. მით უფრო გაუგებარია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც წერილი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, დათარიღებულია სწორედ 25 თებერვლით და გამოგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ხელმოწერით და გამოგზავნილია გიორგი მარგველაშვილის და არა მიხეილ სააკაშვილის სახელზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 25 თებერვალს გამოგზავნილი მოწვევა ჩვენ მივიღეთ მხოლოდ 11 ივნისს და ამის მერე კიდევ უფრო გაუგებარია, რომ როდესაც ჩვენ გავეცით პასუხი და გაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტის წერილი გენმდივნის სახელზე, ამის მერე გვეუბნებიან იმას, რომ პრეზიდენტი არ უნდა გაემგზავროს ამ ღონისძიებაზე და ეს გადაწყვეტილება მიიღეს პრეზიდენტთან შეთანხმების გარეშე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციით, პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში და ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება.

"წარმომადგენლობითი ფუნქცია არ გულისხმობს არც მოლაპარაკების წარმოებას და არც ხელშეკრულების ხელმოწერას, რასაც მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. ეს პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის და არცერთი პრეცედენტი არ არსებობს, რომ ჩვენ ეს დაგვერღვია, მაგრამ გაეროს ტრიბუნა ეს არის სწორედ სახელმწიფოს წარმოჩენის ადგილი", - დასძინა ფხალაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის და მისი მოადგილის ინფორმაციით, გაერო-ს კლიმატის სამიტზე 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მიხეილ სააკაშვილის სახელზე მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ცნობით, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაერო-ში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრებოდა.

კომენტარები