კრიზისი უკრაინაში

ევროკავშირის სანქციები: აუცილებელი, ეფექტური და დროული

სტატიის ავტორი, დევიდ ლიდინგტონი დიდი ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრია. მან ეს ოპ-ედი ევროპის მიერ დაწესებულ გვიანდელ სანქციებზე დაწერა. 

წინა კვირის დასასრულს, ევროკავშირმა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. ეს აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც უკვე თვეებია რუსეთი უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციას აგრძელებს და თვეებია, გრძელდება პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.

ევროკავშირისთვის ეს ადვილი ნაბიჯი არ იყო, მაგრამ ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ განზე ვერ გავდგებით, მაშინ როდესაც პრეზიდენტი პუტინი ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართალს და სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს უფლებებს. ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ დაღუპულ ადამიანებს და ნგრევას, რომელიც რუსეთმა გამოიწვია ჩვენს საერთო კონტინენტზე.

სანქციები ევროკავშირის რეაქციის მნიშვნელოვანი ნაწილია. არა იმიტომ, რომ ეს ჩვენი არჩევანია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს აუცილებელი, ეფექტური და დროული რეაქციაა. განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე.

ეს სანქციები აუცილებელია ერთი უბრალო მიზეზის გამო: რუსეთის ქმედებები უკრაინაში მიუღებელია. რუსეთი უარს ამბობს, აღიაროს უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მან მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ანექსია, იარაღის ძალით ჯერ ყირიმში შეიჭრა, შემდგომ კი არმია შეაგზავნა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ეს უსაფუძვლო განაცხადი არ არის. ეს ფაქტია. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაში უკვე მოქმედებს ათასობით რუსული რაზმი და ათობით რუსული ტანკი. მე მოვისმინე თვითმხილველთა ანგარიშები; დაზვერვის მიერ წარმოდგენილი მასალა და მედიაში გავრცელებული ფაქტებიც.

ევროპის ისტორიიდან გვახსოვს, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო მუქარის ქვეშ დგება და მას სამხედრო ძალა უტევს. როგორც პრემიერმინისტრმა კამერონმა და გერმანიის კანცლერმა მერკელმა წინა კვირას განაცხადეს, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და ეს უშედეგოდ არ ჩაივლის. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ქართველებისთვის, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოში 2008 წელს მომხდარის გაგრძელებაა.

მეორე - სანქციები ეფექტურია. მათ აშკარად უკვე იქონიეს გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე, რომელიც ამ წლის პირველ კვარტალში გაუარესდა: ზრდა 0%-თან ახლოსაა; ინფლაცია პროგნოზით ორნიშნა რიცხვს უახლოვდება; არცერთი დოლარი, ევრო ან შვეიცარიული ფრანკი არ იყო გაცემული სესხად რუსეთისთვის ივლისში. ევროობლიგაციები, რომლებიც გაცემული იყო რუსულ კომპანიებზე, 2014 წლის დასაწყისში დაეცა 93%-ით. რუბლი დოლართან მიმართებით წარმოუდგენლად შემცირდა. კაპიტალის გადინება ამ წელს 80 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

მაგრამ მხოლოდ სანქციები არ არის მწვავე; რუსეთის საკუთარმა გადაწყვეტილებამ, შეზღუდოს სურსათის იმპორტი, გარკვეულ საქონელზე ფასები 30%-ზე მეტად და ზოგ შემთხვევაში 60%-მდე გაზარდა, რის გამოც შეიქმნა ახალი შავი ბაზარი ბელარუსიდან იმპორტისთვის. ამ კონფლიქტის ეკონომიკური ზემოქმედება იგრძნობა რუსეთის ყველა რიგით ოჯახში.

მესამე - ეს სანქციები დროულია. წინა კვირას გამოცხადდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ რუსეთი და ეგრეთ წოდებული სეპარატისტები ამ ვალდებულებას ასრულებენ.

ასეთ ვითარებაში სანქციების გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დისკუსია სამშვიდობო გეგმის შესახებ გრძელდება. ყოველთვის შეგვიძლია მივიღოთ მათი შეცვლის გადაწყვეტილება მომავალში. მაგრამ ამისთვის საჭიროა ფუნდამენტური ცვლილება მოსკოვის მხრიდან.

ახლა რუსეთის ჯერია. მას შეუძლია გაიყვანოს თავისი ჯარი და გაიტანოს იარაღი, შეწყვიტოს სეპარატისტების შეიარაღება, მისცეს უკრაინას საშუალება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები ოქტომბერში და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი დიდი ძალაა; მან უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები.

ან გააგრძელოს უკრაინის საქმეში ჩარევა, რაც ნიშნავს ძალადობას გაგრძელებას, მსხვერპლს და უფრო მეტ სირთულეებს რეგიონში.

არჩევანი რუსეთის ხელმძღვანელობაზეა. იმედი მაქვს, რომ ის თავს აარიდებს ეკონომიკური ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას და ასევე საკუთარი ხალხის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას.

როგორც გასულ კვირას ნატოს სამიტზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან  პავლო კლიმკინთან აღვნიშნეთ, უკრაინელი ხალხი იმსახურებს მხოფლიო საზოგადოების მხარდაჭერას მათი ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში. ჩვენ ყველა ვიმსახურებთ მომავალში საერთო კეთილდღეობას და სტაბილურობას.

ეს ყველაფერი ქართველ ხალხსაც ეხება. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მთავრობის და უკრაინელი ხალხის მიმართ, რაც გამოიხატა მათ უკანასკნელ გადაწყვეტილებაში, ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაეწიათ უკრაინისთვის. 

კომენტარები