ISIS

აშშ შესაძლოა ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლებში ჩაერთოს

აშშ შესაძლოა ISIS-ის წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლებში ჩაერთოს - ამის შესახებ აშშ-ის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა გენერალმა მარტინ დემპსიმ განაცხადა. მიუხედავად ობამას დაპირებისა, რომ აშშ-ის სახმელეთო ჯარები ერაყში არ დაბრუნდებოდა, დემპსის განმარტებით, საბრძოლო მისიებში ერაყის შეიარაღებულ ძალებთან ერთად შესაძლოა ამერიკელი სამხედროების გაგზავნის საჭიროება დადგეს.

დღეს ISIS-მა მუქარის შემცველი კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ამერიკელი სამხედროების განადგურების კადრებია ასახული. ასევე ობამას გამოსვლიდან ის ნაწილი ისმის, რომელშიც პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს პირობას აძლევს, რომ ჯარისკაცები ერაყში საბრძოლველად არ დაბრუნდებიან. ვიდეოში ერაყში ინტერვენციის შემდეგ ჯორჯ ბუშის კადრიც ჩანს, რომელის უკანაც განთავსებულია ცნობილი ბანერი - „მისია შესრულებულია“.

ISIS-ის წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის ფარგლებში პირველი საჰაერო ოპერაცია უკვე ჩატარდა. აშშ-ის სამხედროებმა ერაყის ქალაქ სინჯართან და ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით არსებული საბრძოლო პუნქტები გაანადგურეს, საიდანაც ისლამისტები ერაყის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლს უხსნიდნენ.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ბოლო თვეების განმავლობაში ერაყში რამდენიმე შეტევა განახორციელეს და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული და ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს. ერაყსა და სირიაში ისლამისტებმა ხალიფატი გამოაცხადეს და სასტიკად უსწორდებიან როგორც მოწინააღმდეგეებს, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს.

კომენტარები