პრეზიდენტის რეზიდენცია

პეტრიაშვილი: მხარს ვუჭერდი პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო უწყების გადასვლას

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა განთავსებულიყო. როგორც პეტრიაშვილმა ტელეიმედის ეთერში განაცხადა, მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში უნდა გადავიდეს. მისი შეფასებით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გასწიოს.

"შეიძლება მიკერძოებაში ჩამითვალონ, მაგრამ ეს პოზიცია ყველამ კარგად იცის - იმთავითვე, სანამ ჯერ კიდევ ოპოზიციაში ვიყავი, მე მხარს ვუჭერდი რეზიდენციაში ერთ-ერთი სახელისუფლებო უწყების, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასვლას. პლუს დამატებული, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სხვადასხვა დაწესებულებებში მიღებებისთვის შესაბამისი ხარჯები გაწიოს. შესაძლებელი იყო ის მომსახურებოდა ყველას, პრემიერმინისტრს, სხვა უწყებას, როდესაც მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდოდა. ასე რომ, ის დიდი მიღებებისა და მოწვევებისთვის გაკეთებულიყო, ეს ჩემი პოზიცია იყო", - განაცხადა პეტრიაშვილმა. როგორც მანვე აღნიშნა, მაშინ ყველა ერთად თანხმდებოდა იმაზე, რომ იქ პრეზიდენტი არ უნდა დარჩენილიყო. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ავლაბრის რეზიდენციიში გიორგი მარგველაშვილის შესვლა გახდა. ამასთან, რეზიდენციის ხარჯებზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ავლაბრის რეზიდენცია 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა, მას (მარგველაშვილს) რეალურად სჭირდება 3 ათასი. 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სასახლე უკავია - გადაამრავლეთ, იმ უბანში ერთი კვადრატული მეტრის გირაობა რა ღირს და ნახავთ, რომ 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტი იხარჯება", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები