უელსის სამიტი

ადმინისტრაცია: სამიტის შეხვედრების ფოტოები და სია, რომლებსაც ფანჯიკიძე დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებას ეხმაურება. ფანჯიკიძემ თქვა, რომ უელსის სამიტზე "პრეზიდენტმა ჩვენ შეხვედრებს არ დაგვასწრო". ადმინისტრაცია შეხვედრების სიასა და ფოტომასალას ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს მასმედიის წარმომადგენლებმა მიმართეს შეკითხვით, ესწრებოდა თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უელსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებს. მაია ფანჯიკიძემ დღეს განაცხადა: "პრეზიდენტმა ჩვენ შეხვდრებს არ დაგვასწრო".

მოგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდა:

1. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) შეხვედრას;

2. შეხვედრას NATO-ს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან;

3. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპუისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან;

4. შეხვედრას ბულგარეთის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან.

· საგარეო საქმეთა მინისტრი არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ (tête-à-tête) შეხვედრას ლატვიის პრეზიდენტთან ანდრის ბერზინშთან.

· საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დაესწრო უკრაინის, პოლონეთისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას, რადგან აღნიშნული შეხვედრები გაიმართა დელეგაციათა ხელმძღვანელების მიღების დროს, რომლის პარალელურად იმართებოდა NATO-ს და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების მიღება და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე ალექსი პეტრიაშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად იმყოფებოდა ამ მიღებაზე.

· საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრა ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და NATONATO-ს საკითხებში დევიდ ლიდინგტონთან, თუმცა, საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი. (ალასანიას შეხვედრა ჰქონდა 28+24 ფორმატით)

· საქართველოს პრეზიდენტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ თავდაცვის სფეროს წარმომადგენლები. ქართული მხრიდან ამ შეხვედრას დაესწრო გენშტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

რაც შეეხება 1+1 ფორმატს, ასეთი ფორმატით გაიმართა მხოლოდ ორი ღონისძიება:
1. მიღება უელსის პრინცის სახელით NATO-ს უელსის სამიტში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად;

2. არაოფიციალური სადილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრის მოადგილის ნიკ კლეგის სახელით პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად.

ორივე ღონისძიებას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რაც იმთავითვე განსაზღვრული იყო NATO-ს პროგრამით", - წერია განცხადებაში.

კომენტარები