კრიზისი უკრაინაში

ტიმოშენკო აღმოსავლეთ რეგიონებში სპეცრეჟიმის კანონზე ვეტოს დადებას ითხოვს

theguardian.com

უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს აღმოსავლეთ რეგიონების განსაკუთრებული სტატუსის კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

"მე კარგად მესმის, რომ ეს კანონი სწორედ უკრაინის პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და პრეზიდენტსა და უმაღლესი რადას დეპუტატებზე ძლიერი ზეწოლის ქვეშ მიღებული“, - აღნიშნა ტიმოშენკომ.

ყოფილი პრემიერის განცხადებით, პატრიოტულ პოზიციაზე დაბრუნებისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი.

შეგახსენებთ, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების განსაკუთრებული სტატუსის პროექტს დეპუტატებმა მხარი სამშაბათს, 16 სექტემბერს, პარლამენტის სხდომაზე დაუჭირეს. ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში ადგილობრივი არჩევნები 2014 წლის 7 დეკემბერს ჩატარდება. დროებითი რეჟიმი 3 წლის ვადით დამყარდება. სახელმწიფო უზრუნველყოფს რუსულისა და სხვა ენების თავისუფალ გამოყენებას. რაიონების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. რადაში ასევე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეთა ამნისტიის პროექტსაც უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა. სახელმწიფო უზრუნველყოფს დონეცკსა და ლუგანსკში მომხდარ მოვლენებში მონაწილეთა ხელშეუხებლობის გარანტიას. აღნიშნული კანონი არ გავრცელდება მათზე, ვინც მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, მალაიზიის ბოინგის ჩამოგდებაში მონაწილეობდა.

კომენტარები