ბირთვული უსაფრთხოების სამიტი

მაჭავარიანი: ჰააგის სამიტზეც მოწვევა სააკაშვილის სახელზე გამოგზავნეს

telegraph.ge

საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ვანო მაჭავარიანის ინფორმაციით, ჰააგის ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიწვევაც თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნეს, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ სახელმწიფოს მეთაური პრემიერმინისტრით ჩანაცვლებულიყო. ამის შესახებ მაჭავარიანმა ინტერპრესნიუსს უთხრა და აღნიშნა, რომ მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავა. 

"ჰააგის ბირთვულ სამიტზე მოწვევა ჯერ კიდევ 2013 წლის 13 მაისს, პრეზიდენტ სააკაშვილის სახელზე მოვიდა. შესაბამისად, იმის მაგივრად, საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველეყო, რომ მსგავსი მოწვევა მოსულიყო უკვე ახალარჩეულ პრეზიდენტ მარგველაშვილის სახელზე (ვინაიდან სამიტის გამართვის დროისთვის საქართველოში პრეზიდენტი შეცვლილი იყო), როგორც მე მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლებმა და ჩვენმა ყოფილმა ელჩმა ნიდერლანდებში დამიდასტურა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არა სახელმწიფოს მეთაურით, არამედ მთავრობის მეთაურით იქნებოდა წარმოდგენილი საქართველო ბირთვულ სამიტზე. ეს ჩვენთან შეთანხმების გარეშე გაკეთდა. მაშინ პრეზიდენტმა და ჩვენ ეს თემა არ წამოვწიეთ იმის გამო, რომ არ ყოფილიყო რაიმე გაუგებრობა ზოგადად ამ სამიტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს თავისთავად იყო პირველი არასასიამოვნო ფაქტი, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი მარგველაშვილი აირჩიეს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც პრემიერმინისტრს ბირთვულ სამიტზე დასწრება სურდა, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრის შესაძლებლობა იყო. 

"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო ზუსტად ის, რომ ბირთვულ სამიტს დაესწრებოდა პრეზიდენტი ობამა და პრემიერმინისტრს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, საშუალება მიეცა, რომ მას შეხვედროდა. მისი ვაშინგტონში ვიზიტის წინ არ იყო დაგეგმილი პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრა. შესაბამისად, პრეზიდენტ ობამასთან, ასე ვთქვათ, ხელის ჩამორთმევის შესაძლებლობა ზუსტად ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

2014 წლის მარტში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიწვევა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე, პრემიერის პრესსამსახურმა 2014 წლის მარტში გამოაქვეყნა. 24 მარტს კი, ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის გახსნაზე შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერმინისტრს ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები