რელიგიური შეუწყნარებლობა

ომბუდსმენი: მუსლიმებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება

სახალხო დამცველი ქობულეთში მუსლიმების წინააღმდეგ რელიგიური შეუწყნარებლობის მორიგი ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ქობულეთში მიმდინარე მოვლენები რელიგიური შეუწყნარებლობის განსაკუთრებით საგანგაშო გამოხატულებაა.

"მუსლიმ მოქალაქეებს ეზღუდებათ რელიგიის და გადაადგილების თავისუფლება, ილახება მათი პატივი და ღირსება. პანსიონში სწავლისა და ცხოვრების მსურველ ბავშვებს ეზღუდებათ საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ბავშვის ძირითადი უფლებები, მათ შორის განათლების უფლება და რელიგიის თავისუფლება.

2014 წლის 10 სექტემბერს, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა პანსიონის ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლის მიზნით შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლელთან დაკლეს ღორი და მისი თავი პანსიონის კარზე მიამაგრეს. ადგილობრივი მართლმადიდებლები დღემდე ეწინააღმდეგებიან პანსიონის ამოქმედებას. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ შესასვლელი გზა და მოსწავლეებს არ ეძლევათ შენობაში შესვლის შესაძლებლობა. სახალხო დამცველის რწმუნებული ამ პერიოდის განმავლობაში აკვირდება და სწავლობს ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს. ადგილობრივი მუსლიმების განმარტებით, მოსახლეობის ერთი ჯგუფის შეუწყნარებელი ქმედებები პანსიონის გახსნის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში მხარეთა შორის დიალოგით შემოფარგვლა საკმარის პირობას არ წარმოადგენს სიტუაციის განმუხტვის, მუსლიმთა შელახული უფლებების აღდგენის, დისკრიმინაციის დაძლევისა და შეუწყნარებლობის პრევენციისათვის.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ზომას მიმართონ საიმისოდ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში უზრუნველყონ მუსლიმი მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობა, რეაგირება მოახდინონ მათ წინააღმდეგ რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციაზე და მათთვის გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე", - აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები