გაერო-ში ვიზიტი

პრემიერი: სამწუხაროა, რომ შიდა საუბრები და მიმოწერა საჯარო ხდება

IRAKLI GARIBASHVILI OFFICIAL/FACEBOOK.COM

"ძალიან სამწუხაროა, რომ შიდა საუბრები და მიმოწერა საჯარო ხდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმოწერის გასაჯაროების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურს და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობები დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, ქვეყანაში არავითარი კრიზისი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს, რუსთავი 2-მა საგარეო უწყებასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმოწერა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მარგველაშვილის სახელზე გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან გი მუნის ოფიციალური მიწვევა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 25 თებერვალს შევიდა, თუმცა მაია ფანჯიკიძის უწყებამ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე თვის დაგვიანებით, 11 ივნისს აცნობა. ტელეკომპანიის განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილის სახით საგარეო უწყებას გაერო-ში, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობის თაობაზე თანხმობა 7 ივლისს დაუდასტურა, რასაც სამინისტროდან 8 ივლისს საპასუხო წერილი მოჰყვა იმის თაობაზე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ნიუ იორკში საქართველოს პრემიერმინისტრი გაემგზავრებოდა.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ მიმოწერას საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა და აღნიშნა, რომ 25 თებერვლის მოწვევა საგარეო უწყებაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელზე მივიდა. ამასთან, მაია ფანჯიკიძის თქმით, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის არსებული მიმოწერა ამ უკანასკნელმა გაასაჯაროვა, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანია.

კომენტარები