სასჯელაღსრულების სამინისტრო

ადვოკატის ინფორმაციით, 21 წლის პატიმარს ბადრაგმა სცემა

REUTERS

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში 21 წლის პატიმარს ჯემალ ქუთათელაძეს ბადრაგებმა სასტიკად სცემეს. ამის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატმა ნინო არველაძემ განაცხადა. მისი თქმით, პატიმარს დაზიანებები თავის არესა და კიდურებზე აქვს მიყენებული. ადვოკატისვე განცხადებით, ქუთათელაძეს ბადრაგებმა სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში გადაყვანისას სცემეს. პატიმრის ოჯახი ვიდეოთვალის ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში კი ამბობენ, რომ  ქუთათელაძემ ბადრაგს რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაყვანის დროს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, უმნიშვნელო დაზიანება მიღო. მათივე განცხადებით, ციხის თანამშრომლების ქმედებებზე სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს. სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათ უფლებამოსილებას გადაამეტეს, სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს. 

"რეჟიმის თანამშრომლებმა წინააღმდეგობის გამო, მისთვის ხელბორკილის დადება გადაწყვიტეს, პატიმარი ამ დროს მათ კვლავ წინააღმდეგობას უწევდა და მიიღო უმნიშვნელო დაზიანება. ამის შემდეგ, ის ციხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უმნიშვნელო დაზიანების გამო მალევე მოათავსეს #8 დაწესებულებაში", - განაცხადეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. 

კომენტარები