პოლიციის რეიდები

იდენტობა: პოლიციელები შეუარცხყოფას აყენებენ სექს-მუშაკებს

identoba.com

არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ სექს-მუშაკების წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ საპოლიციო რეიდების მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ არაკანონიერი ნორმებით უკრძალავდნენ ტრადიციული შეკრების ადგილას დგომას. 

"პოლიციელები  პროაქტიულად და მიზანმიმართულად აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სექს-მუშაკებს, რითაც საპასუხო აგრესიულ ქცევას იწვევენ. შემდგომ, პოლიციელები გაღიზიანებული, ნაცემი და დამცირებული სექს-მუშაკების მხრიდან საპასუხოდ განხორციელებული ზეპირსიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ვიდეო კამერაზე იღებენ, აღნიშნულ პირებს აკავებენ და სასამართლოს წარუდგენენ. სასამართლოები კი, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე  იძულებულნი ხდებიან აღნიშნული პირები დააჯარიმონ ძირითადად ისეთი სამართალდაღვევებისათვის, როგორებიცაა მაგ. ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. პოლიციელის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედების დადასტურებას კი მსხვერპლები სასამართლოს წინაშე, მყარ მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, ვერ ახერხებენ. პოლიცია რეიდების მსვლელობის მთლიან პროცესს კი არ იწერს, არამედ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელშიც გაღიზიანებული მსხვერპლის თავდასხმაზე საპასუხო ქმედება ჩანს.

მიმდინარე ეტაპზე იდენტობა რამდენიმე დაზარალებულთან მუშაობს და ცდილობს მოიპოვოს პოლიციის უკანონო ქმედებების შესახებ მეტი მყარი მტკიცებულება, მაგრამ ამავდროულად გვსურს სასწრაფოდ მივმართოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ: დროულად უზრუნველყონ პოლიციის მხრიდან აღნიშნული უკანონო ქმედებების სასწრაფოდ აღკვეთა. ასევე, მნიშვნელოვანია განუმარტოთ საზოგადოებას, რა არის აღნიშნული რეიდების მიზანი რადგან ჩვენთვის აუხსნელი რჩება თუ როგორ აპირებს სახელმწიფო, ასეთი ძალადობრივი მეთოდებით საქართველოში პროსტიტუციის პრობლემის აღკვეთას? არის კი პროსტიტუციის აღკვეთა აღნიშნული სისტემური ქმედების მიზანი და თუ ასეა, რატომ არ იყენებენ პოლიციელები კანონით სპეციალურად წინასწარ განსაზღვრულ ზომებს?

ასევე, გვსურს შევახსენოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ვერცერთი ლეგიტიმური მიზანი ვერ მიიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ფეხქვეშ გათელვით. თუ აღნიშნული ქმედებები კვლავ სისტემურ ხასიათს შეიძენს, უფლებას ვიტოვებთ გავიზიაროთ მოსაზრება, რომ რადგან პირის მიერ სექს-მომსახურების გაწევის ფაქტის მტკიცებულებების მოპოვება რთულია და პოლიციელის მხრიდან მაღალ კვალიფიკაციას და დროის რესურსის ჩადებას მოითხოვს, იგივე ქმედების აღსაკვეთად პოლიცია მარტივ და უკანონო გზას მიმართავს.  პოლიციის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას და უკანონო ქმედებას ყველაზე ხშირად არათავისუფალ, ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ვხვდებით, რისი ნათელი მაგალითიც რუსეთის ფედერაციაა.  საქართველო კი, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების მოსურნე ქვეყანაა, უნდა მოერიდოს არადემოკრატული მეთოდებით ისეთი სოციალური საკითხის დარეგულირებას, როგორადაც კომერციული სექს სამუშაო მიიჩნევა. ", - წერია განცხადებაში.  

კომენტარები