ბარბარე რაფალიანცის საქმე

პარლამენტმა რაფალიანცის საქმეზე კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,"ეს შემთხვევა მოხდა ნაციონალების დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ".

საპარლამენტო უმცირესობა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. გიორგი ღვინიაშვილის თქმით, "ქართული ოცნების ადვოკატის ლალი ბიწოშვილის გაკეთებულმა განცხადებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ რაფალიანცის მკვლელობის ფაქტი დაგეგმილი იყო და ეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა". ბიწოშვილი 2014 წლის 6 თებერვლის ჩანაწერში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასა და კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს აკისრებს. ბერიკაშვილი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი იყო გურჯაანის რაიონში. ბიწოშვილი ამბობს, რომ მას კოალიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ჩართულიყო რაფალიანცის საქმეში  და დაერწმუნებინა ოჯახის წევრები, არაფერი არ ეთქვათ მასთან შეთანხმების გარეშე. 

შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მაშინ ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

 

კომენტარები