დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

მოჭიდავეებმა ლუკა კურტანიძეს კაბინეტის კარი აუჭედეს

ლუკა კურტანიძე

მოჭიდავეებმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს.

ამ ფაქტს წინ უძღვოდა ლუკა კურტანიძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველა მწვრთნელი გაათავისუფლა.

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში შეკრებილი მოჭიდავეების განცხადებით, ისინი გაუმართლებლად მიიჩნევენ კურტანიძის გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.

"ეს ხალხი ამდენი ხანია მწვრთნელები არიან, თავისი საქმე იციან და შედეგებიც ყოველთვის იყო. ერთი წელი ჩავარდა და ე.ი სხვა მიზეზებია, მწვრთნელების დახსნას სჯობს იპოვონ ეს მიზეზები. თუ საჭირო გახდა, ალბათ ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები," - განაცხადა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედაოსანმა, რევაზ ლაშხმა.

შეგახსენებთ, რომ წელს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ორივე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 3, ხოლო მსოფლიოს პირველობაზე 1 მედლის მოპოვება შეძლო.

 

კომენტარები