საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები

NATO-ს არაწევრი ქვეყნები აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ჩამოთვლილი ქვეყნები შეერთებული შტატების NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსს მიიღებენ. ამის შესახებ საუბარია უკრაინის თავისუფლების მხარდამჭერ აქტში, რომლის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, აშშ-ს შესაძლებლობა ექნება, რუსულ სამხედრო და ენერგო კომპანიებს სანქციები დააკისროს და უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს. კანონპროექტი ასევე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისთვის  მომდევნო სამი წლის განმავლობაში $10 მილიონის გამოყოფას გულისხმობს.

"ამ აქტის მიღება არის ძლიერი მესიჯი, რომ ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ბოლო 60-70 წლის მანძილზე ევროპაში ვახორციელებდით. ეს პოლიტიკა ერთიან, დემოკრატიულ და თავისუფალ ევროპას გულისხმობს. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული აქტი უახლოეს მომავალში ძალაში შევა" - განაცხადა აშშ-ის სენატორმა ტენესის შტატიდან ბობ კორკერმა. 


"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის მთავრობის მხარდასაჭერად. უკრაინა დაინტერესებული სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით, ასევე საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად განსაკუთრებული სტატუსი მიღებით. ეს ყველაფერი კანონპროექტშია ასახული და იმედი მაქვს, რომ ის დადებითი შედეგების მომტანი იქნება" - თქვა აშშ-ის სენატორმა ნიუ ჰემფშირის შტატიდან ჯინ ჰაშინმა.

საბოლოოდ დამტკიცებამდე კანონპროექტმა წარმომადგენლობითი პალატა უნდა გაიაროს და სენატში დაბრუნდეს, შემდეგ კი, ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნოს. 

კომენტარები