პატიმრის გარდაცვალება

სასჯელაღსრულების სამინისტრო ორი პატიმრის გარდაცვალებაზე განმარტებას აკეთებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტებით, N17 ციხეში პატიმარ დ.ა-ს ინფარქტით გარდაცვალებაზე სრულ შეფასებას სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველო გააკეთებს. უწყების განცხადებითვე, მეორე პატიმრის, ნ.შ-ს გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა. სამინისტრომ შესაბამისი განმარტება სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გააკეთა. კერძოდ, ომბუდსმენმა განცხადება გაავრცელა, რომ N17 დაწესებულებაში 15 და 17 სექტემბერს ორი პატიმარი გარდაიცვალა. ამასთან, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამი დღის განმავლობაში სამი პატიმრის გარდაცვალება (16 სექტემბერს, რუსთავის N6 დაწესებულებაში მსჯავრდებული ზ.ს. გარდაიცვალა) აშკარად მიუთითებს სასჯელაღსრულების სიტემაში პატიმართა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის პრობლემაზე. მისი განცხადებით, აუცილებელია გადაიხედოს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკა.

"წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულმა ნ.შ-მ (დაბ.1983 წ) კისრის მიდამოში, საძილე არტერიის საპროექციო არეში  მიიყენა ნაკვეთი თვითდაზიანება, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ნიკოლოზ შენგელიას წარსულში  მიყენებული ჰქონდა არაერთი დაზიანება. ასევე, ჩატარებული ჰქონდა ქირურგიული ოპერაციები უცხო სხეულების გადაყლაპვის გამო. ამ მიზეზით იგი გადაყვანილი იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადიოდა ფსიქიატრიულ მკურნალობას, ხოლო 2014 წლის იანვარში, აუტოაგრესიის, არამოტივირებული ემოციური ქცევისა და არაადეკვატური მოთხოვნების გამო,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ჩაუტარდა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ მსჯავრდებული არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებდა. ასევე დადგინდა, რომ იგი დაავადებული იყო არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობით (F07.0). ამასთანავე, ნ. შ 2013-2014 წლებში 10-ჯერ იყო გადაყვანილი სამედიცინო კლინიკებში სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით. საგულისხმოა, რომ  მსჯავრდებულს  ბოლო სამედიცინო მომსახურება გაეწია 2014 წლის 09 სექტემბერს ქუთაისის ზ. ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში.

შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით და დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, წინასწარი მონაცემებით, სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით  გარდაიცვალა  1964 წელს დაბადებული მსჯავრდებული  დ.ა.

დ.ა.-მ აბაზანის მიღების შემდეგ მიმართა სამედიცინო პერსონალს გულმკერდის არეში ტკივილის გამო. პაციენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. პირველადი ჯანდაცვის რგოლის ოჯახის ექიმებმა მას აღმოუჩინეს პირველი სამედიცინო დახმარება, რომლის შედეგადაც მოეხსნა ტკივილი და მისი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. მალევე  სამედიცინო ნაწილში პაციენტმა დაკარგა გონება, გამოეხატა ტუჩების ციანოზი, სუნთქვა გახდა იშვიათი და ზერელე. დაწესებულების ექიმების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მხრიდან სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

სახალხო დამცველი აქცენტს აკეთებს, თუ რამდენად ჰქონდა მორიგე ექიმს კარდიოლოგის კომპეტენცია, რომ გამოერიცხა კარდიოლოგიური პრობლემის არსებობა/არარსებობა და ასევე დროულად გამოეძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა? საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებების პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში მუშაობენ ოჯახის ექიმები, რომელთაც არ მოეთხოვებათ იყვნენ სპეციალიზაციით კარდიოლოგები. შესაბამისად, მათი მოვალეობაა პაციენტისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, კონსულტირება და პირველადი ჯანდაცვის პაკეტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება. რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, იგი  მორიგე ექიმმა დროულად გამოიძახა.

შემთხვევაზე სრულ შეფასებას სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის რეგულირების სამმართველო გააკეთებს, რის შემდეგაც გამოვლენილი შესაძლო დარღვევები გადაეგზავნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეაგირებისთვის.

სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი შემთხვევების გამო და სამძიმარს უცხადებს  გარდაცვლილთა ოჯახებს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები