არასამთავრობო ორგანიზაციები

NGO-ები: საქართველოში არაფორმალური მმართველობის ტენდენციები იკვეთება

0 კომენტარი

მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის არსებული დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს - ამ სათაურით გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია), სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CiDA), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)) წერილი, სადაც გიორგი მარგველაშვილისა და მთავრობის წარმომადგენლების დაპირისპირებაზეა საუბარი.

წერილში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გაკრიტიკების შემდეგ, პრეზიდენტის მისამართით კრიტიკა და შეურაცხმყოფელი განცხადებები გაკეთდა.

”დაპირისპირება პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკების შემდეგ. შედეგად, საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს პრეზიდენტის კრიტიკა, გაკეთდა შეურაცხმყოფელი განცხადებებიც და, ზოგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის ინსტიტუტის როლის იგნორირებას. დაპირისპირება იმდენად აშკარა გახდა, რომ უკვე მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საქართველოში მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტებისას. იყო შემთხვევები, როდესაც ამ ვიზიტების დროს მთავრობის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ კანონით და თანამდებობიდან გამომდინარე მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებდა უშიშროების საკითხების განხილვაზე, თუ ეს შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ იყო ორგანიზებული”, - ნათქვამია წერილში.

განცხადებაში წერია, რომ დაპირისპირების მიზეზი საგარეო პოლიტიკა ან ქვეყნისშიდა რეფორმები არ ყოფილა და, როგორც ჩანს, მთავრობა პრეზიდენტს ყოფილი პრემიერმინისტრის პირადი უკმაყოფილების გამო დაუპირისპირდა.

”საყურადღებოა ის გარემოება, რომ კონფლიქტი არ წარმოქმნილა ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებების საფუძველზე.

დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა საქართველოში კონკრეტული რეფორმის ან ინიციატივის უკეთ დაგეგმვა ან განხორციელება. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის კრიტიკისას ყოფილი პრემიერმინისტრის პირადი უკმაყოფილებით ხელმძღვანელობს, რომელიც დიდწილად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადგილსამყოფელის შეცვლამ გამოიწვია”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ები მიიჩნევენ, რომ, როგორც ჩანს, ქართული ოცნების მიზანი არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის ხელოვნურად დაკნინებაა.

”მმართველი კოალიციის მიზანი, როგორც ჩანს, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც, ქვეყნის მეთაურის, მთავარსარდლისა და საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენელის, ხელოვნურად დაკნინებაა. ამის სამწუხარო შედეგი კი ისაა, რომ პრეზიდენტი ხელოვნურ ბარიერებს აწყდება საკუთარი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას, რომელიც მას კონსტიტუციით ევალება”, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობის ტენდენციები იკვეთება.

”ყველაფერს ემატება ის, რომ ქვეყანაში იკვეთება არაფორმალური მმართველობის ტენდენციები, როცა არაუფლებამოსილი პირის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და თანამდებობის პირებზე სახელმწიფოს მართვისას გავლენის მოხდენაში გამოიხატება. სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის მნიშვნელოვანი საფუძველია. ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპი სახელისუფლებო ორგანოების ურთიერშეკავებისა და გაწონასწორების წინაპირობაა”, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მთავრობასა და მმართველ კოალიციას, არ დაუშვან წარსული გამოცდილების გამეორება.

”საქართველოში, როგორც განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყანაში, არაფორმალური მმართველობის სისტემის დამკვიდრება და ნებისმიერი ინსტიტუტისთვის მისთვის კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შესრულებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა მძიმე დარტყმას მიაყენებს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესს, რის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლა.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და მმართველ კოალიციას, გაითვალისწინოს ეს საფრთხეები და საკუთარი ქმედებებით დაამტკიცონ, რომ არ დაუშვებენ არცთუ შორეული წარსულის გამოცდილების გამეორებას, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო ერთ ხმაში ლაპარაკობდა და პირთა მცირერიცხოვანი ჯგუფის მიერ იმართებოდა. ასეთ მოცემულობაში სხვადასხვა სახელისუფლებო ორგანოები გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან და მათ მუშაობას, ფაქტობრივად, ფორმალური ხასიათი აქვს. საქართველოს მთავრობას უნდა ახსოვდეს რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველობის დამკვიდრებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გარეშე საქართველო ვერასოდეს გახდება ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, რაც საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის ნებას წარმოადგენს”, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები