კალაძე: ანდრეი ჰუსინის გარდაცვალების შესახებ ცნობა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო

კახა კალაძე და ანატოლი ტიმოშჩუკი
xsport.ua/

უკრაინის ნაკრებისა და დინამო კიევის ყოფილი ფეხბურთელის, ანდრეი ჰუსინის ტრაგიკულ გარდაცვალებას გამოეხმაურა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

KP.UA-ს ცნობით, კალაძე კიევში ჰუსინის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს მცირე კომენტარი მისცა.

"ახლა ძალიან მიჭირს საუბარი... ანდრეის გარდაცვალების შესახებ ცნობა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, დიდხანს ვერ ვიჯერებდი, იმედი მქონდა, რომ ეს სიცრუე აღმოჩნდებოდა. როდესაც ყველაფერი დადასტურდა, იმწამსვე გამოვემგზავრე კიევში. ანდრეი ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 17 სექტემბერს მოხდა - ჰუსინი, რომელიც ავტოსპორტით იყო გატაცებული, კიევში მდებარე ავტოდრომ ჩაიკაზე მოტოციკლს მაღალი სისწრაფით მართავდა. Gazeta.ru-ს ცნობით, ყოფილმა ფეხბურთელმა წრიულ ზოლზე გასვლისას საჭე ვერ დაიმორჩილა და მოტოციკლიდან გადმოვარდა. ჰუსინი ადგილზე გარდაიცვალა.

ანდრეი ჰუსინი კიევის დინამოს რიგებში 7-ჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, 4-ჯერ მოიპოვა ქვეყნის თასი, კლუბთან ერთად მონაწილეობა მიიღო უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში. ჰუსინი 10 წლის განმავლობაში იცავდა უკრაინის ეროვნული ნაკრების რიგებს, რომლის რიგებშიც 71 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. 

საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ჰუსინინი დინამო 2-ს თავკაცობდა, მუშაობდა სამარის კრილია სოვეტოვსა და მახაჩკალის ანჟიში. გასულ წელს, ვეტერანი ფეხბურთელი თბილისში, ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის გამოსათხოვარ მატჩშიც მონაწილეობდა.

კომენტარები