მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: სახელმწიფოს ნგრევა მიმდინარეობს

radiotavisupleba.ge

"ქვეყანა არის დაპაუზებული, ქვეყანა არის გაჩერებული. ეს დაღმაფარცხვაც აღარაა, ესაა სახელმწიფოებრიობის ეროზია, სახელმწიფოებრიობის ნგრევა. ყველა სერიოზული და ძირითადი პროექტი არის გაჩერებული", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ს ეთერში.

მისი თქმით, ამის მაგალითი რკინიგზის ტვირთბრუნვის შემცირებაა. "ეს რა მძარცველები და ყაჩაღები მიიყვანეს იქ, ვინ არის ეს უჩა ასეთი - ივანიშვილის მამიდაშვილი, ახალი ნუგზარ შევარდნაძე, რომ 30 %-მდეა შემცირებული საქართველოს ტვირთბრუნვა, როცა მინიმუმ 2-ჯერ უნდა იყოს გაზრდილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, "მე ავაშენე ჩემი სახლი და ჩემს სახლს ჰქვია საქართველო. ეს სახლი არის დღეს დაყადაღებული და ამ სახლს უთხრიან ახლა ძირს“.

„ეს ხალხი არც მალავდა, გააკეთებდა იმ ყველაფერს, რაც ხდება. ამას წინათ ვიყავი სარფში და ვნახე რიგები. ივანიშვილმა ხომ თქვა - იდგეს ხალხი რიგებში, მაინც არ აქვს მნიშვნელობა, მაინც საქმე არ აქვს, მაინც უმუშევარია, რა საჭიროა იუსტიციის სახლები. თქვა და გააკეთა - არის რიგები აეროპორტში, არის რიგები საბაჟოზე, არის რიგები  იუსტიციის სახლებში და მომსახურებაში. ხომ თქვა - გაგებით მოეკიდეთ კრიმინალს და ხომ დაუდგეს კრიმინალებს ძეგლი ჩვენი აშენებული იუსტიციის სახლის წინ... მოიმატა კრიმინალმა, რეალურად, ეს ხალხი არც მალავს, რას აპირებს“,  - განაცხადა სააკაშვილმა.   

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, გააკეთოს დასკვნები.“მე ძალიან ღრმა რწმენა მაქვს ქართული საზოგადოების“,  - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.  

„თუ ქუჩაში დატოვებენ ჩემი ოჯახის წევრებს ,მეწყინება, მაგრამ  ეს არ იქნება საბაბი რომ გავბრაზდე, გავმწარდე და ვიღაცეებზე შურისძიება მოვინდომო. დღეს  ისინი  მოქმედებენ შუასაუკუნეების შურისძიების წესით, მაგრამ 21-ე საუკუნეში შურისძიება ვერ იქნება მთავარი მოტივატორი. როდესაც მოვა ახალი ნორმალური მთავრობა, ის არ იმოქმედებს შურისძიებით... ყველაზე დიდი სასჯელი რუსეთიდან მოვლენილი ოლიგარქისთვის და პუტინისთვის იქნება ის, რომ საქართველო გააგრძელებს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას. ამიტომ ჩვენ  უნდა შევხვდეთ ყველაფერს მტკიცედ, წყნარად და გავაგრძელოთ ორგანიზება, რომ საქართველო დავუბრუნოთ მისი განვითარების ბუნებრივ გზას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები