ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში

ბათუმისა და ფოთის ზოგიერთი უბანი ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა

ბათუმისა და ფოთის ზოგიერთი უბანი ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მამუკა თურმანიძის განცხადებით, გუშინ 50-ამდე გამოძახება დაფიქსირდა, ძირითადად დახმარებას ე.წ. "ჭაობის" უბნებში მცხოვრები მოსახლეობა ითხოვდა.

გუშნ ბათუმის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია ერთი საათით შეუწყდა. შუქის გამორთვის მიზეზი უამინდობის გამო ქვესადგურის დაზიანება იყო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  არჩილ ხაბაძის განაცხადებით, ქობულეთს შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია, უამინდობის გამო კი ბათუმში გათიშულია 7 000 აბონენტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დენი არ მიეწოდება 1790 აბონენტს. მისივე თქმით, გადაუღებელი წვიმების გამო ვერ ხერხდება სამუშაო ჯგუფების მიერ შესაბამისი სამუშაოების შესრულება და გამოდარებისთანავე სპეციალისტები ელექტროენერგიის აღდგენას დაიწყებენ. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, ამ დროისათვის ბათუმში წყალი არ მიეწოდება ძველი ქსელის აბონენტებს - ე.წ ბენზეს, ბონის, გოროდოკისა და ბარცხანის დასახლებებს, რადგან წყლის სათავე-ნაგებობებში წყალი ამღვრეულია და სარეზერვო ფონდიდან წყლით მარაგდება ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ნაწილი.

ფოთში განსაკუთრებული პრობლემები ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობას შეექმნა, სადაც 10-მდე ოჯახი დაზარალდა. წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში შეაღწია და პირველი სართულები დატბორა.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით ქალაქში სულ 7 სატუმბი სადგური მუშაობს, რაც არასაკმარისია. მერის თქმით, საჭიროა დამატებით ახალი სადგურების მშენებლობაც და ამ საკითხით მუნიციპალიტეტია დაინტერესებული.

კომენტარები