პატიმრის გაქცევა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა

REUTERS

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან პატიმარი გაიქცა. პატიმარი საავადმყოფოში ციხის ბადრაგთან ერთად იმყოფებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან სოსელიამ, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.

წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

 ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარს ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. პატიმრის დასაკავებელ ღონისძიებებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ - 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

კომენტარები