პატიმრის გაქცევა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი დაკავებულია

REUTERS

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გაქცეული პატიმარი რუსლან სოსელია დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს. 

"მსჯავრდებული რუსლან სოსელია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა მიერ ერთობლივად გატარებული სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სოფელ რუხში დააკავეს, საიდანაც გამყოფი ხაზის გადაკვეთით, გალის რაიონში გადასვლას ცდილობდა" - წერია სამინისტროს განცხადებაში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან სოსელიამ, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.

წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ - 342 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა.

კომენტარები