სტიქია აჭარაში

აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დასათვლელად საგანგებო შტაბი შეიქმნა

ეკა ჩხარტიშვილი

აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა ჯერ უცნობია. ზარალის დასათვლელად საგანგებო შტაბი შეიქმნა. ქარმა, მეწყერმა და ძლიერმა წვიმამ მაღალმთიანი აჭარის სოფლები დააზიანა. დაიმეწყრა საკარმიდამო ნაკვეთები, რამდენიმე სახლს კი შესაძლოა საძირკველი გამოეცალოს. დაზარალებულები კომპენსაციას და ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენ.

ბათუმში კი, დატბორილი ეზოებიდან და სარდაფებიდან წყალს ტუმბავენ. ქალაქში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა. 

"ორდღიანმა წვიმამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ქალაქ ბათუმს, ცენტრალურ უბნებს. ძირითადი ზარალი არის დატბორვა. მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. მოსახლეობის 90% სწორედ სახლებიდან და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვს. მობილიზებულია მთელი ტექნიკა" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ.

20-21 სექტემბერს ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ცენტრალური ქუჩები, ასევე რამდენიმე უბანი, საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა.

კომენტარები