კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: უკრაინის აღმოსავლეთში მხოლოდ სამხედრო მეთოდებით ბრძოლა შეუძლებელია

www.telegraph.co.uk

უკრაინის აღმოსავლეთში მხოლოდ სამხედრო მეთოდებით ბრძოლა შეუძლებელია - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მეტ ჯარს შეიყვანს უკრაინა რეგიონში, მით უფრო მეტი რუსული ჯარი შემოვა.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ ბრძოლის მოგება მხოლოდ მშვიდობით შეიძლება. ამავე დროს, მისი თქმით, ქვეყანამ საკუთარი სამხედრო ძალები უნდა გააძლიეროს. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას საკმარისი ტყვიამფრქვევები, ტანკები და არტილერია აქვს, თუმცა რადარების და სხვა თანამედროვე სადაზვერვო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდის და დასავლეთის დახმარების იმედი აქვს. 

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, თუ სამშვიდობო გეგმა არ იმუშავებს, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვის ხაზი, გავაძლიეროთ არმია", - აღნიშნა პოროშენკომ.

ამასთან, სეპარატისტები სამშვიდობო შეთანხმებას კვლავ არღვევენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს უკრანული ძალების პოზიციებს დონეცკის აეროპორტთან და სხვა ადგილებში. უშიშროების საბჭოს ცნობით, ტერორისტები ცეცხლს განგებ დასახლებული პუნქტებიდან ხსნიან, რათა საპასუხო სროლა გამოიწვიონ.

მინსკში ხელმოწერილი ახალი შეთანხმების თანახმად, მხარეებმა მძიმე შეიარაღება ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრით უნდა გაიყვანონ. თუმცა, კიევი აცხადებს, რომ ამ პუნქტის შესრულებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ტერორისტები ცეცხლს შეწყვეტენ და უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანა დაიწყება. ამავე დროს, უკრაინული წყაროების ცნობით, რუსული და სეპარატისტული ძალები სამი მიმართულებით  - დონეცკის აეროპორტის, მარიუპოლისა და დებალცევოს მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან. 

კომენტარები