ზურაბ ჟვანიას საქმე

ექსპერტ ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიების საკითხი 25 სექტემბერს გაირკვევა

ShutterStock

შეიცვლება თუ არა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექსპერტ ლევან ჩაჩუას აღკვეთის ღონისძიება არასაპატიმრო ღონისძიებით, 25 სექტემბერს გაირკვევა.

სამედიცინო ექსპერტის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დააყენეს მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ლევან ჩაჩუას გათავისუფლების შუამდგომლობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად პროკურორმა რევაზ ნადოიმ რამდენიმე დღე ითხოვა.

სასამართლომ დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, მტკიცებულებად დაუშვა ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეო. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ როსტიაშვილის წერილიც, რომლის შინაარსიც, როგორც პროცესზე აღინიშნა, საიდუმლოა. აღსანიშნავია, რომ ლევან ჩაჩუას ეპიზოდი სასამართლომ ცალკე წარმოებად გამოყო.

ექსპერტი ლევან ჩაჩუა მიმდინარე წლის 20 მარტს სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერმინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ჩაჩუას ადვოკატი საპირისპიროს ამტკიცებს და მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდება უკანონოა.

კომენტარები