ჯემალ შელიას საქმე

სასამართლო შელიას საქმეზე: პროკურატურამ ვერ წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები

თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, 21 წლის ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ უტყუარი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ცნობისთვის, დღეს სასამართლომ ბრალდებულები კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ ბრალი ედებოდათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ასევე, ბრალად ედებოდათ ხულიგნობა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. 

"საქმის არსებითად განხილვისას, ბრალდებულებმა თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 27 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 18 და დაცვის 15 მოწმე. ღია სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარი მტკიცებულებები, რაც შექმნიდა საფუძველს პირთა დამნაშავედ ცნობისათვის. საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი პირთა დამნაშავედ ცნობისათვის და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლომ კახაბერ წურწუმია, ზურაბ წურწუმია, ტარიელ წურწუმია და აკაკი გვასალია უდანაშაულოდ სცნო წარდგენილ ბრალდებებში და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში", - აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლო.

ცნობისთვის, პროკურატურა 21 წლის ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად. გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს გლდანის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ  ლევან კობახიძეს, ჯემალ შელიას, გიგა პავლიაშვილსა და ვაჟა სანთელაძეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა - აკაკი გვასალიამ, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებმა, ჯიხურში მყოფ ლევან კობახიძის დედას ელზა კობახიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების დროს სასტიკად სცემეს ჯემალ შელიას, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან მეორე დღეს გარდაიცვალა. აკაკი გვასალიას, ტარიელ, კახაბერ და ზურაბ წურწუმიებს ბრალი წარედგინათ  სსკ- 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“,  117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 10 წლამდე ვადით. ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული. სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ოთხივე პირის ბრალდება დაადასტურა სასამართლოში გამოკვლეული თანმიმდევრული და უტყუარი მტკიცებულებებით: მოწმეების ჩვენებებით, სასამართლო - სამედიცინო დასკვნებითა და ექსპერტების ჩვენებებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის მტკიცებულებები. მოსამართლე გ. დარახველიძემ წარდგენილ ბრალდებაში ოთხივე პირი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საქართველოს მთავარი პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები