ე.წ კანონიერი ქურდები

მინაშვილი: ივანიშვილის მიდგომაა, წაახალისოს კრიმინალური სამყარო

0 კომენტარი
ფოტო: რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიდგომაა, წაახალისოს კრიმინალური სამყარო და დააკნინოს პოლიცია. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაახლოებით ერთი წლის წინ აფრთხილებდა ხელისუფლებას, "რომ ციხეებში მმართველობა ხელში აიღო კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, მაფიამ, მაფიის ობობის ქსელმა და ხდებოდა ძალადობა, როგორც ციხის შიგნით, ისე ციხის გარეთ". მისი განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ხელისფლებას რეაგირება მოეხდინა და ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, მათ დადგეს ძეგლი კრიმინალური ავტორიტეტებისთვის.

"გვახსოვს, მინისტრები იღებდნენ ფოტოებს, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებთან, გვახსოვს, როგორ აცილებდნენ სამთავრობო ესკორტებით “რემენას“ და სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებს და მთავარი, რუსმა ოლიგარქმა მოგვიწოდა ჩვენ, მოთმენით ვიყოთ და მოვითმინოთ ის დანაშაულები და ძალადობა, რომელიც ხდება ქუჩაში. ეს არის პირდაპირ წახალისება მაფიის, ეს არის პირდაპირ წახალისება ძალადობის, ეს არის პირდაპირ წახალისება რეკეტის და გამოძალვის და თუმცა, მეორეს მხრივ, გასაკვირი არც არაფერია იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს, ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონება დააგროვა სწორედ რუსეთის ფედერაციაში, მაშინ როდესაც ქვეყანა კრიმინალური ბერკეტებით იმართებოდა და სწორედ ესეთ სიტუაციაში გრძნობს თავს იგი, როგორც თევზი წყალში. ამიტომ მისი მიდგომა არის სწორედ ესეთი, რომ წაახალისოს კრიმინალური სამყარო და მეორეს მხრივ, დააკნინოს პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები" - თქვა მინაშვილმა.

ცნობისთვის, რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში ე.წ კანონიერი ქურდები და მაყურებლები ხანგრძლივ სატელეფონო კონფერენციებს მართავენ, სადაც ერთმანეთს ესაუბრებიან, საქმეებს არჩევენ, სხვა პირის ფიზიკურ ანგარიშსწორებას უკვეთავენ და ე.წ ობშიაკის შეროვებას წყვეტენ. 20 სექტემბერს, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ფარული აუდიოჩანაწერები გავიდა, რომლის მიხედვითაც, კრიმინალური ავტორიტეტები თენგო პირველი, მინდია გორაძე, ირაკლი ხოხიაშვილი, ტარიელ ფოცხვერია, რეზო ხარძიანი, "გაბრო", შამილ გუჯეჯიანი, გიორგი ჯოხაძე და სხვები მსჯავრდებულებს და მაყურებლებს ტელეფონით ელაპარაკებიან. გადაცემის წამყვანის ეკა კვესიტაძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ძირითადად 2013 წელს არის გაკეთებული. მისი განმარტებით, გადაცემას სატელეფონო საუბრები შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძე მაყურებელ არმაის გრიგორიანს ციხეში გამოსწორებულ სიტუაციაზე ესაუბრება. ისინი აღნიშნავენ, რომ წინა ხელისუფლების დაბრუნებას არ დაუშვებენ და თავს შეაკლავენ.

კიდევ ერთი აუდიოჩანაწერის მიხედვით, ამნისტირებული პატიმარი ესაუბრება კრიმინალურ ავტორიტეტ გაბროს და მასობრივი ამნისტიის მასშტაბებით გაოცებას გამოხატავს.

"ბარიგებს ხელი მაშინ ჯაბამ არ შეახო, იმენნა, როგორი ხალხი: 21 წელი, 19 წელი, 18 წელი, მოუხსნეს და გამოუშვეს ბიჭო" - ამბობს ამნისტირებული პატიმარი და კრიმინალური ავტორიტეტის ნათქვამზე, რომ საქართველოში ჩამოსვლა უნდა, შემდეგ პასუხს სცემს: "ჩამოდი ძმაო, ეგეთი ის არ არის, ჩამოდი, ჩამოხვალ ჩვეულებრივად. შემოგევლე ძმაო, არავინ არაფერს... ადრე რომ იყო, ეგრე აღარ არის ძმაო".

ეკა კვესიტაძის განმარტებით, პატიმრობაში მყოფი ქურდები და კრიმინალური ავტორიტეტები ციხეებში განთავსებული სტაციონარული სატელეფონო აპარატებიდან დათქმულ დროს თავისუფლებაზე მყოფ თავიანთ თანამზრახველებს უკავშირდებიან. ისინი ციხეებიდან შემავალ ზარებს სატელეფონო კონფერენციის რეჟიმში რთავენ და როგორც მსჯავრდებულებს, ისე თავისუფლებაზე მყოფ  კანონიერ ქურდებს საშუალებას აძლევენ, ერთმანეთს შორის საქმე გაარჩიონ და დაპირისპირებულ კლანებს შორის საქმე მოაგვარონ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები