ჯაფარიძის ვიზიტი ვაშინგტონში

თედო ჯაფარიძე CSIS-ში: ეს სასამართლო პროცესები არავის ახარებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ვაშინგტონში (აშშ), სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში (CSIS) სიტყვით გამოვიდა. დეპუტატმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ის უელსის სამიტიდან უფრო მეტს მოელოდა, ვიდრე საქართველომ მიიღო. 

„ჩვენ მივიღეთ სპეციალური პაკეტი NATO-სგან, თუმცა NATO-ს ექსპერტებთან ახლა მიდის მოლაპარაკებები, თუ რა უნდა ჩაიდოს ამ პაკეტში“, - განაცხადა მან.

მანვე ისაუბრა კონსტიტუციური ცვლილების საჭიროებაზე, რადგან არსებული კონსტიტუცია, მისი თქმით, ზუსტად არ განსაზღვრავს ინსტიტუტების როლს. მისივე თქმით, კოალიცია მუშაობს კონსტიტუციის შესაძლო ცვლილებაზე.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა დამსწრეთა კითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა როგორც საქართველოს ურთიერთობებს მეზობლებთან, ასევე შიდა პოლიტიკას.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, რომ დასავლეთში არსებობს აღქმა, რომ საქართველოს მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ან პატიმრობაში იმყოფება ან მათზე ძებნაა გამოცხადებული. ამას კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელი განცხადება. ხოლო დასავლეთის კრიტიკას მთავრობა ისევე პასუხობს, როგორც ამას უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩი აკეთებდა. პასუხად ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესები არავის მოსწონს, თუმცა ამას საქართველოს მოსახლეობა ითხოვს. დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევა უკრაინისგან განსხვავდება და იანუკოვიჩთან შედარება კითხვის ავტორის პირადი აღქმის საკითხია. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში „სამართლიანობის აღდგენას“ მოსახლეობა ითხოვს. მისივე თქმით, საჭიროა გამოძიებული იქნას წინა მთავრობის დანაშაულებანი, რათა მომავალმა მთავრობა იგივე არ გაიმეოროს.

„ჩვენ ვართ სენდვიჩში დასავლეთსა და საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილებას შორის... ეს სასამართლო პროცესები არავის ახარებს, თუმცა რა უნდა ვქნათ ათასობით შემომავალ განცხადებებზე?“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესს ამერიკელი ექსპერტები აკვირდებიან. კითხვაზე, თუ რა როლი აქვს დღევანდელ მთავრობაში ყოფილ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს, თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მას ბიძინა ივანიშვილი არ უნახავს.

კომენტარები