კორპორაციები

Sony წელს $2 მილიარდზე მეტ წაგებას ელის

კაზუო ჰირაი - Sony-ს აღმასრულებელი დირექტორი
ტორუ ჰანაი / REUTERS

იაპონური ელექტრონიკის გიგანტი Sony წლის ბოლომდე $2.2-მილიარდიან წაგებას ელის. ეს წინასწარ შეფასებულ $485-მილიონიან წაგებას ოთხჯერ აღემატება.

Sony წაგებას სმარტფონების ბაზარზე გაზრდილ კონკურენციას უკავშირებს. მისმა სმარტფონმა Sony Xperia-მ Apple-სა და Samsung-ს სერიოზული კონკურენცია ვერ გაუწია.

ფირმა სმარტფონების პროგრამის სრულ გადახედვას გეგმავს და თანამშრომელთა შემცირებასაც არ გამორიცხავს. ასევე მზადაა, გადახედოს საკუთარ საფასო პოლიტიკას ყველა პროდუქტზე და, განსაკუთრებით, სმარტფონებზე.

Sony-ს პროგნოზმა უკვე გამოიწვია კომპანიის აქციებზე ფასების კლება. 

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ წინა წელიც წაგებით დაასრულა. გაზრდილი სარეკლამო ხარჯების გამო PlayStation 4-იც წაგებიანი აღმოჩნდა. Sony-მ გასულ წელს ზარალის ასანაზღაურებლად ნიუ იორკის ცენტრში მდებარე საოფისე შენობა $1.1 მილიარდად გაყიდა, წელს კი ოსაკაში მდებარე შენობის გაყიდვას აპირებს.

კომენტარები