სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

ადვოკატი: ჯანაშიას შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება დაყადაღებულია

0 კომენტარი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თემურ ჯანაშიას ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, დაყადაღებულია ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლის და სიდედრის ქონება, ასევე 560-ლარიანი პენსია. როგორც ბასილაიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, ქონებას ყადაღა ორი ინსტანციის სასამართლომ დაადო. ადვოკატის შეფასებით, ეს უკანონო ქმედებაა. ბასილაია აღნიშნავს, რომ ჯანაშიას არასრულწლოვანი შვილების, ყოფილი მეუღლისა და სიდედრის ქონებას კავშირი არ აქვს წარდგენილ ბრალდებასთან, არც სამართლებრივი მოტივით და არც არანაირი ლოგიკით.

"გადაწყვეტილება არის არაკანონიერი და დაუსაბუთებელი. თემურ ჯანაშიას ყოველთვიურად ერიცხებოდა როგორც სამხედრო-საპოლიციო დაცვის სამსახურის ყოფილ წარმომადგენელს პენსია და ეს ანგარიში დაყადაღებულია. ფაქტობრივად, იგი რჩება საარსებო სახსრების გარეშე. სამართლებრივად დაყადაღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ თემურ ჯანაშიას ედავებიან გაფლანგვას. ამასთან, დაყადაღებული ქონების დიდი ნაწილი შეძენილია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნამდე", - განაცხადა ბასილაიამ.

თავად თემურ ჯანაშიას თქმით კი, გაფლანგვა, რომელსაც მას ედავებიან, არ მომხდარა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადებით, თანხა, რომელსაც ის განკარგავდა, კანონის ფარგლებში იხარჯებოდა.

"რვამილიონ-ნახევარი, რომელსაც გვედავებიან, დათვლილია იუშჩენკოს ბანაობიდან დაწყებული, სხვა ქვეყნებში მანქანების დაქირავებით დამთავრებული. ალბათ, სწორი ის იქნებოდა, რომ თვითმფრინავით წაგვეღო საკუთარი ავტომობილები - ეს იქნებოდა უფრო ეკონომიური ქვეყნის ბიუჯეტისთვის. ბრალდება, თითიდან გამოწოვილიც არ ჰქვია, ციდან ჩამოვარდნილია. დაყადაღებულია ჩემი ქონების დიდი ნაწილი, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნამდე მქონდა. შემიძლია, დაინტერესებულ პირებს ვუთხრა, რა ქონება მაქვს შეძენილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში", - განაცხადა თემურ ჯანაშიამ.

თემურ ჯანაშიას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების გაფლანგვაში ედება ბრალი. აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ მას გირაო შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ სდსს-ის ყოფილ უფროსს ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ედება. რამდენიმე დღის წინ, ქონება ექსპრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებსაც დაუყადაღეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები