მედიაზე ზეწოლა

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი ზვიად ჯანყარაშვილს მუქარაში ადანაშაულებს

გადაცემა ანატომიის ავტორი ნათია მიქიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსს და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს ზვიად ჯანყარაშვილს მუქარაში ადანაშაულებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამზადებს გადაცემას საქართველოში ბიზნესის გადანაწილების შესახებ, რომელშიც ზვიად ჯანყარაშვილი ფიგურირებს. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ჯანყარაშვილის მუქარაც. მიქიაშვილი რეაგირებისთვის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს.

"მე, ნათია მიქიაშვილი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა - პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არის მცდელობა, შეაჩეროს გადაცემა ანატომია", - აღნიშნავს მიქიაშვილი.

სტუდია ანატომიის გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი გმირი.

"უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა, რომ ანატომიის მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში, ის ნათია მიქიაშვილს "ადეკვატურად, ძალიან ცუდად" მოექცეოდა და "ბევრ ცუდ რამეს გაუკეთებდა". ეს ჟურნალისტმა აღიქვა პირდაპირ მუქარად, რადგან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ნათია მიქიაშვილმა გააკეთა განცხადება მისი გადაცემის რუსთავი 2-ის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნათია მიქიაშვილის პოლიციელი მეუღლე აიძულა, დაეტოვებინა შსს-ს რიგები", - ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად ჯანყარაშვილის შესახებ კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, შესაძლოა, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დაინიშნოს. გუშინ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ადასტურებდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ჯანყარაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება პარტიის უახლოეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა.

კომენტარები