უკანონო აბორტები

უკანონო აბორტებზე კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, უკანონო აბორტებზე გამკაცრებული სანქციები დანაშაულის სიმძიმის შესაბამისია. უკანონო აბორტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"უკანონო აბორტებთან დაკავშირებით, იყო ძალიან ლიბერალური დამოკიდებულება. სწორედ ამან გადაგვაწყვეტინა, რომ შესაბამისი სასჯელი იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც პირი სჩადის ამ კანონდარღვევას და ატარებს უკანონო აბორტს. აქაც მინდა, რომ გავამყარო ის ინიციატივა, რომ ეს საჭირო იყო და ახალი კანონპროექტით წარმოდგენილი სასჯელი არის შესაბამისი ჩადენილ დანაშაულთან. მოვიყვანო ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები, რომ მსგავსი ლიბერალური დამოკიდებულება ფაქტიურად არსად არ არის და ზოგ ქვეყანაში იკრძალება კიდეც", - განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ "ამ ეტაპზე, ქართული საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ აბორტი ავკრძალოთ". მისი თქმით, ეს არის ძალიან საფრთხილო თემა.

"ასეთი არაგონივრული გადაწყვეტილების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უკუშედეგი და გაიზარდოს კრიმინალური აბორტების რიცხვი, რაც გაზრდის სიკვდილიანობას", - თქვა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

დეპუტატების დიმიტრი ხუნდაძის და მირიან წიკლაურის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, უკანონო აბორტი დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300-საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 2-წლამდე, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე.
ასევე მკაცრდება ნორმები იმ შემთხვევებში, როცა უკანონო აბორტმა გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6-წლამდე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3-წლამდე. კანონპროექტი სასჯელის ფორმად ჯარიმას აღარ ითვალისწინებს.

დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, საქართველოში 2012 წელს დაფიქსირდა 40 000 რეგისტრირებული აბორტი. მისი თქმით, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქვეყანაში არის არარეგისტრირებული აბორტებიც.

"ისე, რომ სავარაუდოდ დღეში ჩვენს ქვეყანაში კეთდება 100-150 აბორტი, ვფიქრობ, ეს საგანგაშო მონაცემებია. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ყოველი 5 ორსულიდან ჩვენს ქვეყანაში 3 აბორტს იკეთებს. გარკვეული პროცენტი მოდის სელექტიურ აბორტებზე, ანუ სქესის განსაზღვრის შემდეგ. აბორტების დინამიკა მზარდია. 2007- ში დაფიქსირდა 20 000-ზე მეტი აბორტი, 2008-ში 22 000, 2009-ში 24 000, 2011-ში 31 000 და 2012-ში - 40 000 აბორტი. ასევე დაიწია პირველი აბორტის ასაკმა და დავიდა ის 14 წელზე. საბედნიეროდ, ეს ერთეული შემთხვევაა, მაგრამ ერთეული შემთხვევაც საყურადღებოა", - აცხადებს ხუნდაძე და უკანონო აბორტის შემთხვევას განმარტავს.

"უკანონო აბორტი არის არალიცენზირებულ ადგილას ჩატარებული ეს პროცესი, ასევე არალიცენზირებული ექიმის მიერ, განსაზღვრული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენს ქვეყანაში აბორტი დაშვებულია 12 კვირამდე. 12 კვირის შემდეგ კი, მხოლოდ სოციალური სამედიცინო ჩვენებით", - დასძინა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები