აშშ-საქართველოს ურთიერთობა

ბოკერია: კითხვებს აჩენს მთავრობის შეთავაზება აშშ-სთვის მეამბოხეების გაწვრთნაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს მთავრობის შეთავაზება აშშ-სთვის, რომ სირიელი მეამბოხეები საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნას, ბევრ კითხვას აჩენს. მისი აზრით, მთავრობის ეს ინიციატივა გაუაზრებელი და მოუმზადებელია. ცნობისთვის, საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ს აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე უდასტურებს. გეგეშიძის თქმით, საქართველომ ისლამისტების წინააღმდეგ საწვრთნელი ცენტრის საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა შესთავაზა, თუმცა, ოფიციალური დასტური თეთრი სახლისგან არ მიუღია.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ყველაზე მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების სფეროში და განსაკუთრებით საერთაშორისო ტერორზმის წინააღმდეგ. მაგრამ დღევანდელი მთავრობის - ჭიკაიძის და ღარიბაშვილის პირობებში, იმ აბსოლუტურად არაკოორდინირებული და გაუაზრებელი პოლიტიკის პირობებში, რომელსაც ის აწარმოებს, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა. დემოკრატიის საკითხებზე შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი მჭახე კრიტიკის ფონზე, ამ ინიციატივის გამოჩენის გააზრებულობა და მომზადებულობა ამ ძალიან სერიოზულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში კითხვებს აჩენს", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ტაბულამ ინფორმაცია საქართველოს შეთავაზებაზე მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. ინფორმაცია უარყვეს თავდაცვის სამინისტროში, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ კი თქვა, რომ ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ღირდა, რადგან ეს სრული აბსურდი და ჭორია.

დღეს კი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და NATO-სთან ყველაზე თავსებადი ქვეყანა, განიხილავს თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში". უწყებაში გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ საქართველო აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საკუთარ ტერიტორიაზე გაწვრთნას სთავაზობს და აღნიშნეს, რომ "საერთაშორისო პარტნიორებთან და კოალიციის წევრებთან ერთად განიხილება სხვადასხვა გზა ტერორიზმის საფრთხის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და დემოკრატიულ განვითარებას".

სააქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, მოკავშირეებთან ერთად განხილული არცერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში.

"საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები