ვლადიმირ პუტინი

პუტინის ყოფილი კოლეგა КГБ-ში: ის სრული კონფორმისტია

Russian President Vladimir Putin reacts as he addresses international businessmen gathered ahead of a summit of leaders of the 21-member APEC in Russia's eastern port of Vladivostok
Sergei Karpukhin / REUTERS

გერმანული გამოცემა შპიგელი აღმოსავლეთ გერმანიაში, საბჭოთა უშიშროებაში ვლადიმირ პუტინის მუშაობის დეტალებს აქვეყნებს. ამ ცნობების წყარო КГБ-ს დრეზდენის რეზიდენტურის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმირ უსოლცევია, რომელიც პუტინთან ერთად მუშაობდა. უსოლცევი პუტინის ბიოგრაფის ამ ეპიზოდის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებს.

პუტინის ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ „პატარა ვოლოდია", როგორც მას კოლეგები უწოდებდნენ, თანამშრომლებისგან რაიმე განსაკუთრებული თვისებებით არ გამოირჩეოდა. დრეზდენში КГБ-ს მისიის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უსოლცევი დასავლეთ გერმანიაში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ასახელებს. საბჭოთა უშიშროების აგენტები ამას დასავლეთში მცხოვრებ ახლობლებთან ადგილობრივ მცხოვრებთა კონტაქტების შესწავლითა და მათგან ინფორმაციის მიღებით ცდილობდნენ. ამ მიზნით პუტინმა პირადად ათეულათასობთ გერმანელის დოსიე შეისწავლა.

პუტინი ასევე მომავალ ინფორმატორებს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტებს შორის ეძებდა. ასევე მონაწილეობდა ოპერაცია ლუჩ-ში, რომლის ამოცანა სოციალისტური გერმანიის პირველი პირებისთვის თვალყურის დევნება იყო, რადგან 1985 წლის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებას მათ ლოიალობაში უკვე ეჭვი ეპარებოდა.

„როგორი იყო უსოლცევის პირადი შთაბეჭდილებები მისი კოლეგა პუტინის შესახებ? იგი პრაგმატიკოსი იყო, - ამბობს КГБ-ს ოფიცერი, - იგი ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. ის იყო სრული კონფორმისტი და თავის ქვეყანაში რაიმე ცვლილებების არ სწამდა, მოსაჩვენებლად ერთგული კომუნისტის როლს თამაშობდა და საკუთარ კოლეგას იდიოტი უწოდა „პროვინციული გახსნილობის" გამო. უსოლცევის თქმით, პუტინი მას ურჩევდა, თავი შეეკავებინა საბჭოთა კავშირის კრიტიკისგან და საკუთარ ოჯახზე ეფიქრა", - წერს შპიგელი.

თუმცა, პუტინის კოლეგა იმასაც იხსენებს, რომ არაფორმალურ ვითარებაში პუტინმა თანამშრომლები საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით „გააკვირვა".

„ერთი მხრივ, უსოლცევის მტკიცებით, პუტინს არ სურდა იმის დაჯერება, რომ სტალინის დროს КГБ ადამიანებს განურჩევლად ხვრეტდა მხოლოდ მოსკოვის მიერ ნაკარნახევი გეგმის შესრულების მიზნით. მეორე მხრივ, ის ამბობს, რომ პუტინი, როგორც იურისტი, აშკარად შეწუხებული იყო დარღვევებით საბჭოთა მართლმსაჯულებაში და კრემლის მთავარ კრიტიკოსებს თანაუგრძნობდა, მათ შორის ანდრეი სახაროვს, რომელსაც თანმიმდევრულობისთვის პატივს სცემდა", - აღნიშნავს გამოცემა.

პუტინის ყოფილი თანამშრომელი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთის მომავალი პრეზიდენტი არ იზიარებდა კოლეგების უმრავლესობის ანტისემიტიზმს და ებრაელების მიმართ კარგად იყო განწყობილი.

უსოლცევი პუტინის შესახებ რამდენიმე მითსაც ამსხვრევს - მაგალითად, უარყოფს, რომ იგი გერმანულ ენას საუკეთესოდ ფლობდა ან რაიმე განსაკუთრებული ინტელექტუალური მონაცემებით გამოირჩეოდა.

ამავე დროს, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი თავდადებით ემსახურებოდა საბჭოთა კავშირს, მაშინაც კი, როდესაც, თითქოს, ამას აზრი აღარ ჰქონდა. უსოლცევის ინფორმაციით, პუტინმა „ბოლო წუთში", ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, გაანადგურა КГБ-ს აგენტების სია, რომელიც აღმოსავლეთგერმანული სპეცსამსახურის შტაზის განყოფილებაში ინახებოდა.
ამავე დროს, პუტინის ყოფილი კოლეგა აღნიშნავს, რომ „ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში იგი ძალიან დამჯერის, დამოკიდებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა", რაც მას ხელმძღვანელობის ფავორიტად აქცევდა.

„მაგრამ, ჰქონდა თუ არა მას სახელმწიფო მოღვაწის მონაცემები? მის რომელიმე დრეზდენელ კოლეგას ეს თავში არასდროს მოუვიდოდა. დასასრულისკენ, პუტინმა, თითქოს, КГБ-სგან დისტანცირებაც მოახდინა და საბჭოთა კავშირის გედის სიმღერასთან ერთად უკვე ლენინგრადში ტაქსის მძღოლად მუშაობის (პერსპექტივას) იყო შეგუებული", - აღნიშნავს შპიგელი.

თუმცა, დრეზდენის შემდეგ პუტინი უცებ ლენინგრადის მერის ანატოლი სობჩაკის მარჯვენა ხელი გახდა. უსოლცევი დარწმუნებულია, რომ პუტინი სობჩაკთან სპეციალური დავალებით მიავლინეს. ახლა კი, ყოფილი ოფიცრის აზრით, პუტინმა კრემლის ძალაუფლების დიდი ნაწილი სპეცსამსახურებს გაუზიარა. „ჩემი აზრით, ეს უდიდესი საიდუმლოა. ეს მისი (პუტინის) ტრაგედიაა", - ამბობს КГБ-ს ყოფილი ოფიცერი.

კომენტარები