სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური

ადვოკატი: ჯანაშიას საპენსიო ანგარიშზე წვდომის ნებართვა გუშინ მისცეს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თემურ ჯანაშიას ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, "გუშინდენლი პრესკონფერენციის შემდეგ, თემურ ჯანაშიას პენსიის ანგარიშს ყადაღა მოეხსნა". მისივე შეფასებით, პროკურატურამ მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა.

"ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თითქოს ჩვენ ვიცრუეთ და თეიმურაზ ჯანაშიას საპენსიო ანგარიში არ იყო დაყადაღებული. ასევე, პროკურატურა აცხადებდა, რომ თეიმურაზ ჯანაშიას ჰქონდა გარკვეული არადეკლარირებული შემოსავლები. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით პირდაპირ დასტურდება, რომ პროკურატურამ დააყადაღა ყველა საბანკო ანგარიში, რაც თეიმურაზ ჯანაშიასთან იყო დაკავშირებული, მათ შორის საპენსიო", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ. 

მისი თქმით, ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული ყველა ბანკი.

"თუ პროკურატურა გულისხმობდა იმას, რომ ყადაღის დადების შესახებ ოქმის გაფორმების შემდეგ, ისინი უბრალოდ ნებართვას მისცემდნენ ჯანაშიას, წვდომა ჰქონოდა საპენსიო ანგარიშზე, ეს ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა. ამასთან ერთად, თანხა, რომელზეც პროკურატურა აცხადებს, რომ ჯანაშიას არ აქვს ასახული დეკლარაციაში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კანონიერად და ლეგალურად აქვს მიღებული. პროკურატურას ეს თანხა შეუძლია იხილოს ჯანაშიას ყოფილი მეუღლის, ხათუნა ნუცუბიძის 2012 წლის ქონებრივ დეკლარაციაში", - უთხრა ბასილაიამ ინტერპრესნიუსს და აღნიშნა, რომ პროკურატურამ გავრცელებული განცხადებით მუქარა გაახმოვანა.

"თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ უკანონო ქმედებები იყო განხორციელებული და უნდა მომხდარიყო ამის ჩაფარცხვა, ასევე, გააჟღერა მუქარა, თითქოს იკვეთება 335-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები ჯანაშიასთან მიმართებაში. ეს არის პირდაპირი მუქარა, რადგან ჯანაშიას ამ დრომდე ბრალი 182-ე მუხლით აქვს წარდგენილი და საქმეში არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება, რომ სხვა ბრალდებებით არის პროკურატურა დაინტერესებული. მუქარაა ის, რომ მხოლოდ ჩვენი განცხადების მერე ახსენდება პროკურატურას რაღაც სავარაუდო კვალიფიკაციები, რაც ისეთივე თითიდან გამოწოვილია, როგორც აქამდე წარდგენილი ბრალდება", - განაცხადა ბასილაიამ. 

თემურ ჯანაშიას და მის შვილებს, ასევე ყოფილ მეუღლეს და სიდედრს ქონება დაუყადაღეს. ჯანაშია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, გაფლანგვაშია ბრალდებული. 

კომენტარები