ფარმაცევტული ბაზარი

ტ/კ გურჯაანი: მამაკაცს ურეცეპტოდ წამალი არ მისცეს, რის შემდეგაც დაიღუპა

ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, ყვარელში 55 წლის მამაკაცს აფთიაქში წამალი (ლაზიქსი) ურეცეპტოდ არ მისცეს, მან ექიმთან მისვლა ვერ მოასწრო და დაახლოებით ნახევარ საათში გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ჩემმა ბიჭმა აიყვანა აფთიაქში და არ მისცეს წამალი. ექიმი მოიყვანეო. ექიმი ვერ ნახა. ისევ მივიდა აფთიაქში. ისევ უარი უთხრეს. სახლში მივიდა, გადავარდა და დაიღუპა“, – განუცხადა გარდაცვლილის ახლობელმა, რომელსაც იდენტიფიცირება არ სურს, ტელეკომპანია გურჯაანს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ტელეკომპანია გურჯაანის ინფორმაციით, კომენტარი არც აფთიაქის თანამშრომლებმა გააკეთეს.

"მის შვილს ვკითხე, როგორ დაიღუპა მეთქი. აფთიაქში ავიდა და არ მისცეს წამალი, ექიმთან ჩავიდა, ვერ ნახა ექიმი, მერე ისევ აფთიაქში ამოვიდა, ისევ უარი უთხრეს და დაიღუპაო“, – აღნიშნავს გარდაცვლილის მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბრიდან I და II ჯგუფის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ გაიცემოდა. 15 სექტემბრიდან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატთა ნუსხას 772 მედიკამენტი დაემატა. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეცეპტის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, ყველა აფთიაქში უნდა ყოფილიყო გადაუდებელი დახმარების ნაკრები.

კომენტარები