მედიაზე ზეწოლა

ზვიად ჯანყარაშვილი ნათია მიქიაშვილის ბრალდებებს უარყოფს

news.accept.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი ზვიად ჯანყარაშვილი გადაცემა ანატომიის ავტორ ნათია მიქიაშვილის ბრალდებას მის მიმართ მუქარის შესახებ უსაფუძვლოს უწოდებს. ასევე, ის უარყოფს თავის მონაწილეობას ბიზნესების გადანაწილებაში. ჯანყარაშვილი მიქიაშვილს უზნეო ადამიანად მოიხსენიებს, რომელიც თვითდამკვიდრებას ცდილობს. 

"ენას ძვალი არ აქვს, მით უმეტეს, უზნეო ადამიანის ენას და რადგან ასეა, ცუდი არ იქნება, თუ ქალბატონი ნათია მიქიაშვილის ოჯახის წევრი დაადასტურებს იმ მუქარას, რომელიც ვითომდა მე შევუთვალე. საზოგადოების წინაშე დაგვანახონ ის ხალხი, ვისაც ვითომდა ბიზნესწილები გამოვართვი თუ სხვა რამე ზიანი მივაყენე - თუნდაც ერთი ადამიანი მაინც მანახონ, რომელიც ჩემს ასეთ მოქმედებას დაადასტურებს რაიმე დამაჯერებელი ფორმით. ამის შემდეგ საზოგადოებამ შეაფასოს ცრუ და მართალი და თავად დაუდოს ზღვარი ცრუ სიმართლის ტირაჟირებას. მე, ჩემი მხრივ, გარკვეულწილად მესმის იმ ადამიანების, ვინც ჩემი სახელის გასვრას ცდილობს, თავისი გასაჭირი აქვთ", - აცხადებს ჯანყარაშვილი ინტერპრესნიუსთან საუბარში.

ნათია მიქიაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილი უფროსი და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი მუქარაში გუშინ, 23 სექტემბერს, დაადანაშაულა. მიქიაშვილის თქმით, ის ამზადებს გადაცემას საქართველოში ბიზნესების გადანაწილების შესახებ, რომელშიც ზვიად ჯანყარაშვილი ფიგურირებს. მიქიაშვილის თქმით, ჯანყარაშვილმა ჯერ გადაცემის შეჩერება მოითხოვა, შემდეგ კი დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში "შესაბამისად მოექცეოდა". ჟურნალისტის მტკიცებით, როდესაც რამდენიმე თვის წინ დააანონსა, რომ გადაცემა ანატომია რუსთავი 2-ის ეთერში უნდა გასულიყო, გენინსპექციის მხრიდან ზეწოლის გამო, მისი მეუღლე იძულებული გახდა, პოლიციელთა რიგები დაეტოვებინა. მიქიაშვილისვე თქმით, მას ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც კი არ ემუქრებოდნენ. ჟურნალისტმა რეაგირებისთვის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა.

 

 

კომენტარები